დარანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწისქვეშა ნაგებობა. გავრცელებული იყო შუა საუკ. საქართველოში. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით, დ. არის "კლდეში ანუ მიწას ქვეშ შესასვლელი. დარანად ითქმის სახლი მიწას ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად". წარმოადგენს ლოდებით ამოყვანილ, ქვის სქელი ფილებით გადახურულ უქვითკირო ნაგებობათა სისტემას, რ-იც შედგება დახლართული გასასვლელ- გამოსასვლელებისა და სხვადასხვა ზომის სათავსებისგან. დ-ს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი განშტოება აქვს. ერთი შტო აუცილებლად წყალთან არის დაკავშირებული, დანარჩენები, რ-თა სიგრძე ზოგჯერ რამდენიმე კმ აღწევს – ციხესიმაგრეებთან, მეზობელ სოფლებთან, ტყესთან ან გზებთან შეერთებული. დ-ის შესასვლელი მოფარებულ, ძნელად მისადგომ ადგილებშია მოწყობილი და, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთისკენაა მიმართული. საფრთხის დროს დ-ს თავს აფარებდა მოსახლეობა, მისი საშუალებით შეიძლებოდა ფარულად გადაადგილება, მებრძოლების გადაყვანა, მოულოდნელი თავდასხმა მტერზე, ჩასაფრება, დაზვერვა- თვალთვალი. ნიმუშად გამოდგება ნასოფლარ დუმეილის (სოფ. აგარის მახლობლად, ახალციხის მუნიციპალიტეტი ) დ-ები მესხეთში. იგი 60-მდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაგებობისაგან შედგება და მიწის ქვეშ ნაგები სოფლის შთაბეჭდილებას ტოვებს. მესხეთჯავახეთში დ-ები მიკვლეულია აგრეთვე ზედა თმოგვისა და ვარძიის მახლობლად, ბერთყანაში, ხიზაბავრაში, აწყვიტაში და სხვაგან (ყველა ასპინძის მუნიციპალიტეტი).

ლიტ .: ი ვ ა ნ ი ძ ე ნ., დარნები აწყვიტაში, «ძეგლის მეგობარი», 1986, # 2; ტ ა ტ ი შ ვ ი ლ ი თ., მიწისქვეშა ნაგებობანი მტკვრის ხეობის ზემო წელზე, იქვე, 1970, # 21.