დარეჯანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარეჯანი. ქართლკახეთის დედოფალი

(1726 – 8. XI. 1807), ქართლ-კახეთის დედოფალი, ერეკლე II-ის მესამე ცოლი (1750- იდან), კაცია I დადიანის ასული. დ. ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტახტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II-ს კანონიც კი მიაღებინა, რ-ის ძალითაც, გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი II ცოლისაგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე – დარეჯანის შვილზე – იულონზე უნდა გადასულიყო (ეს წესი ერეკლე II-მ თვითონვე გააუქმა). დ-მა ისანში, სირაჯხანის მახლობლად ააგო სასახლე (საზაფხულო რეზიდენცია) (იხ. სტ. დარეჯანის სასახლე ) და ეკლესია. თბილისში ჰყავდა 248 კომლი ყმა, ჰქონდა ბაღები, სასტუმროები, რ- თაც იჯარით გასცემდა ხოლმე, აგრეთვე ყასაბხანა და აბანო. მარტო სამღებროები დედოფალს 700 თუმნამდე შემოსავალს აძლევდა წელიწადში. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 დ. ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. გარდაიცვალა პეტერბურგში. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

ლიტ .: ი ო ს ე ლ ი ა ნ ი პ., ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, ა. გაწერელიას გამოც., თბ., 1936; Д у б р о в и н Н., Георгий XII, последний царь Грузии и присоединение ее к России, 2 изд., СПб., 1897. გ. აკოფაშვილი.






დარეჯანი

დარეჯანი. თეიმურაზ I-ის ასული. კასტელის ალბომი. XVII ს.

(გ. 1668), მეფე თეიმურაზ I-ის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზ I-მა დ. იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს მიათხოვა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ (1660) დ-მა შეთქმულება მოაწყო, ტახტიდან ჩამოაგდო ბაგრატ IV , ცოლად გაჰყვა იმერეთის ბაგრატიონთა შორეულ ნათესავს ვახტანგს (ჭუჭუნასშვილად წოდებული) და იგი მეფედ გამოაცხადა, თუმცა ფაქტობრივად სამეფოს გამგებელი თავად იყო. მოკლეს ფეოდალებმა.

წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ. : კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., საქართველოს ისტორია (1500–1810), ტფ., 1922. გ . აკოფაშვილი.