დარიალის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარიალის ციხე. XIX ს. 90-იანი წწ.

ციხესიმაგრე მდინარე თერგის ხეობაში, საქართველოს ჩრდ. საზღვარზე, თერგის მარცხ. ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, დაბა სტეფანწმინდის ჩრდით მე-15 კმ- ზე. მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, რ-იც კეტავდა ჩრდილოეთიდან საქართველოსაკენ მიმავალ გზას. საქართვ. მეფეები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ მას. დ. ც. ჯერ კიდევ ძვ. წ. I ს-ში იყო გადაკეტილი და გამაგრებული კოშკებიანი კედლებით. რომაელი ისტორიკოსის – პლინიუს უფროსის (I ს.) ცნობით, ურიცხვი მომ- თაბარის შესაკავებლად ამ ხეობაში აგებული იყო ციხესიმაგრე კუმანია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დ. ც. და კუმანია ერთი და იგივე უნდა იყოს. ვახტანგ გორგასალმა (V ს.) თავისი გამეფების პირველსავე წლებში საგანგებო ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთში, დაამარცხა იმ დროის მომძლავრებული ჰუნები და სხვა ჩრდილოელი ხალხები, ააგო ციხესიმაგრე და მცველებად ადგილ. მთიელები ჩააყენა. ციხე ჩრდ-იდან და აღმიდან მიუდგომელია. იგი სალი კლდეებითაა გამაგრებული, დასიდან კი მთის ყელი მძლავრი კედლებით არის გადაკეტილი. ციხეს 1 ჰა -მდე ფართობი ეჭირა. დ. ც-ში ვხვდებით ქრონოლოგიურად განსხვავებულ მრავალ სამშ. ფენას. ძირითადი ფენა ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანისაა. შემორჩენილია გვიანდ. ფეოდ. ხანის ნაშთიც, რაც იმას მოწმობს, რომ ციხეს მნიშვნელობა დიდხანს არ დაუკარგავს და გვიანდ. შუა საუკუნეებშიც მოქმედებდა. ციხეში შესასვლელი სამხრ-იდან უნდა ყოფილიყო, ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით კი ციხის სასმელი წყლით მოსამარაგებლად დას. მხრიდან წყალსადენი გამოუყვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. რაც შეეხება დ. ც-ის მდებარეობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ამას ისიც ადასტურებს, რომ XIX ს. დასაწყისში რუსებმა ამიერკავკასიისაკენ მომავალ მთავარ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე სწორედ ძვ. ციხის ადგილას ააგეს. დ. ც-ზე XX ს. 30-იან წლებში (ა. კრუგლოვი) ჩატარდა მცირე მასშტაბის არქეოლ. გათხრები. 1962 გათხრების დროს (ხელმძღვ. ლ. წითლანაძე) გამოვლინდა ძვ. წ. I ათასწლ. II ნახ. არქეოლ. მასალა (თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, სკვითური ისრისპირი, წყვილი ცხოველის გამოსახულებიანი საკინძი, აქატის მძივი). 1963 გათხარეს (ხელმძღვ. გ. გობეჯიშვილი ) დ. ც-ის სამხრეთით მდებარე მინდორი, სადაც გამოვლინდა ქვით მშრალად ნაგები ოთხკუთხა შენობის კედლები, ალბათ, ციხის დამხმარე ნაგებობა. ნაპოვნია ადრინდ. და შუა საუკ. კერამ. მასალა, რ-იც შიდა ქართლის თიხის ნაწარმის მსგავსია, მცირე ნაწილი კი ჩრდილოკავკასიურ კერამიკას წააგავს. გათხრილია აგრეთვე ბრტყელი ლოდებითა და ფიქალი ქვით ნაგები რამდენიმე სამარხი, ერთ მათგანში აღმოჩნდა გვიანდ. ანტიკური და ადრინდ. შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მასალა. 1988 ციხის ჩრდ.-დას. ფერდობის ძირში, კირხსნარით ნაგები ზღუდის კედლის ქვეშ 6 სიღრმეზე გათხრებით გამოვლინდა (ხელმძღვ. დ. მინდორაშვილი) ადრინდ. ანტ. ხანის მშრალი წყობით აშენებული კედელი. ციხის დას. ფერდობის ძირას აღმოჩნდა ანტ. ხანის შავპრიალა თიხის ჭურ- ჭლის ნატეხები, რაც ადასტურებს მოსაზრებას, რომ დ. ც. ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია ხევის ტერიტორიაზე არსებულ სიმაგრეთა შორის. გათხრების დროს ნაპოვნია ადრინდ. განვითარებული და გვიანდ. შუა საუკ. კერამ. მასალაც. დ. ც-ის სამაროვანზე გათხარეს ინდივიდ. ქვის სამარხები, რ-ებშიც მიცვალებულები ქრისტ. წესით იყვნენ დაკრძალული. მხოლოდ რამდენიმე სამარხში გვხვდება გვერდზე, ფეხმოკეცილად დაკრძალული ადამიანების ძვლები.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ .: ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; წ ი თ ლ ა ნ ა ძ ე ლ., დარიალის ციხე (არქეოლოგიური კვლევა), «ძეგლის მეგობარი», 1971, # 27–28; მ ი ს ი ვ ე, ხევში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1977, # 1. პ. ზაქარაია. ლ. წითლანაძე.