დარიალის ხეობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარიალის ხეობა.

მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური (გამკვეთი) მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედ- ში. იწყება მდ. ჩხერის (თერგის მარცხ. შენაკადი) შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა (თერგის მარცხ. შენაკადი) და ხდის (თერგის მარჯვ. შენაკადი) შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტ. ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნიადაგს და ერთიან მცენარეულ საფარს. დ. ხ-ზე გადის საქართველოს სამხედრო გზა. სახელწ. "დარიალი" წარმოდგება სპარს. დარ-ი ალანისაგან (ალანთა კარი). ძველ ქართულ და უცხ. წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალანი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ოვსთა კარი და სხვ. ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ჩრდ. და სამხრ. კავკასიის დამაკავშირებელი სავაჭრო და სამხ. მნიშვნელობის გზა. საქართვ., რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტ. საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა სამხრ. კავკასიას ჩრდ. კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დ. ხ-ში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II ს. I ნახ.). საქართველოში რომაელების პირველი ლაშქრობის დროს (ძვ. წ. I ს.) დ. ხ-ს კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V ს-ში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძვ. სიმაგრე. სამხრ. კავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII–X სს.) დ. ხ. სიმაგრესთან ერთად მათ ხელში იყო. X–XIII სს-ში დ. ხ-ის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტ., ეკონ. და კულტ. ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდ-ით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118–20) საქართველოში ყივჩაყები დავით IV აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII ს-ში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონ. მნიშვნელობა დაეცა. XVIII ს. II ნახევარში რუს.-საქართვ. ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. დ. ხ-ით მიმოდიოდნენ პოლიტ.- დიპლ. და სამხ. მისიები. ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართვ. სამხ. გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დ. ხ-ში რეგულარული და ინტენსიური გახდა. დ. ხ-ში მდ. თერგის მარცხ. ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რ-ის ჩრდ. და აღმ. მხარე მიუდგომელია, ხოლო დას-ით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მოჩანს ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – დარიალის ციხე . ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშ. ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანისაა. შემორჩენილია გვიანდ. ფეოდ. ხანის ნაშთიც. როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრ-იდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით დას-იდან წყალსადენი გაუყვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა, ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორ- ჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები. დ. ხ-ში, მდ. თერგის მარჯვ. მხარეს, რუსეთ–საქართველოს საზღვრის მახლობლად, შენდება სამონასტრო კომპლექსი. 2011 წ. სექტემბერში სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საზეიმო წირვა აღასრულა მშენებარე კომპლექსის წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში.

ლიტ. : ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, თბ., 1966; გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., არაგვის კარი (დარიალანი), კრ.: ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976; ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972; მ ა კ ა - ლ ა თ ი ა ს., ხევი, ტფ., 1934. ჯ. გვასალია. პ. ზაქარაია. ქ . ჯაყელი.