დარიშხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ლათ. Arsenicum), As – ელემენტთა პერიოდული სისტემის V ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატ. ნომერი 33, ატ. მასა 74,9216, რუხი შენაკაფოლადისფერი კრისტალები. სიმკვრივე 5720 კგ /მ 3. ატმ. წნევაზე, თუ ტემპ-რაა 615 °C, დ. ლღობის გარეშე აქროლდება. როცა ტემპრა 800 °C-მდეა, მისი ორთქლი შედგება As4 მოლეკულებისაგან, 1700 °C-ზე მეტი ტემპ-რის დროს კი – მხოლოდ As2-გან. დ-ის შედგენილობაში შედის მხოლოდ ერთი მდგრადი იზოტოპი 75As. დ-ის ბუნებრივი ნაერთები (იხ. დარიშხანის მადნები) გოგირდთან ცნობილია უძველესი დროიდან. მათ იყენებენ, როგორც წამალსა და საღებავს. თავისუფალ მდგომარეობაში დ-ის მიღებას გერმ. ალქიმიკოსს ალბერტ დიდს (გონბოლშტედს) მიაწერენ (დაახლ. 1250). ფრანგმა ქიმიკოსმა ა. ლავუაზიემ 1789 დ. ქიმ. ელემენტთა სიაში შეიტანა (იხ. აგრეთვე არაორგანული ქიმია). დ. მიკროელემენტის სახით გავრცელებულია ცოცხალ ბუნებაში. დედამიწის ქერქში დ-ის შემცველობა (კლარკი) 1,7.10-4 % (მასისა). დ. რამდენიმე ალოტროპიულ სახესხვაობას წარმოქმნის. ნაერთებში დ-ის ჟანგვითი ხარისხი შესაბამისად უდრის +5, +3 და –3. ჰაერზე გახურებისას 400 °C ზევით დ. იწვის და მიიღება ოქსიდი As2O3. დ. ჰალოგენებთან უშუალოდ ურთიერთქმედებს, შედეგად წარმოიქმნება AsF5 – აირი, AsC3, AsCI3, AsB3 – ადვილად აქროლადი სითხეები, AsI3 და AsI4 – წითელი კრისტალები. დ-ის გოგირდთან გახურებისას მიიღება სულფიდები As4S4 და As2S3, ჟანგბადთან დ. წარმოქმნის ოქსიდებს: დ-ის (III) ოქსიდს As2O3– დარიშხანოვან ანჰიდრიდს და დ-ის (V) ოქსიდს As2O5 – დარიშხანის ანჰიდრიდს. ცნობილია დ-ის მარილები – არსენატები და არსენიტები. მრეწველობაში დ. მიიღება არსენოპირიტის გახურებით: FsAsS= =FeS+As ან (იშვიათად) Aს2O3 ნახშირით აღდგენისას. ზესუფთა ლითონური დ-ის მიღება რთულ ტექნოლ. პროცესებთანაა დაკავ- შირებული და ამიტომ იგი ძალზე ძვირია. მსოფლიოში ამზადებენ და იყენებენ 200-მდე (1998 მონაცემები) დასახელების დარიშხანშემცველ პრეპარატს (საქართველოში XX ს. 30-იან წლებამდე ამზადებდნენ 10-მდე დასახელების პროდუქციას). მედიცინაში დ-ის ორგ. ნაერთებს ათაშანგისა და პროტოზოული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, ხოლო არაორგ. პრეპარატებს – სტომატოლოგიაში და ფსორიაზის სამკურნალოდ ზესუფთა დ-ს იყენებენ ნახევრადგამტარებში. იგი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია გალიუმისა და ინდიუმის არსენიდებისა, რ-ებსაც ფართოდ იყენებენ თანამედროვე ტექნიკაში. დ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ერთ-ერთი უდიდესი წიაღისეული სიმდიდრეა. ამ ელემენტის ქართ. სახელწ. გაიგივებულია საწამლავთან, შხამთან ("დარი შხამისა", ანუ შხამის მსგავსი). ალქიმიკოსები ამ ელემენტს გველის სახით გამოსახავდნენ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მათ ეს სიმბოლო დ-ის ქართ. სახელწოდებიდან აიღეს. დარიშხანიანი ბრინჯაოს ძირითად შემადგენელ კომპონენტს – სპილენძს – ევროპელები კ. კვიპროსზე გაეცნენ (ამიტომ მას Cuprum უწოდეს). სავარაუდოა, რომ მეორე შემადგენელი კომპონენტის – დ-ის – ლათ. სახელწოდება მომდინარეობს საქართვ. ძვ. ტერიტორიის – არსიანის სახელწოდებიდან. ანტ. ხანის ავტორები ამტკიცებენ, რომ ქართველურმა ტომებმა (ხალიბებმა, მოსინიკებმა და თუბალებმა) პირველებმა შექმნეს და გამოიყენეს დარიშხანიანი ბრინჯაო საოჯახო, შრომისა და საბრძოლო იარაღების დასამზადებლად (იხ. სტ. მეტალურგია) . თსუ-ის არაორგ. ქიმ. კათედრის მიერ XX ს. ბოლოს დამუშავდა ზესუფთა ლითონური დ-ის წარმოების სრულიად ახ. ორიგინ. ხერხი, რ-საც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. მიღებული და აპრობირებულია ფარმაკოპეული "თეთრი დარიშხანის", მანგანუმის ჰიდროარსენატის, რკინისა (III) და ქრომის (III) არსენატების, დარიშხოვანმჟავას, დ-ის (III, V) ქალკოგენიდების, ტუტე და ტუტემიწათა ლითონების არსენატების, ტყვიის (II) ჰიდროარსენატისა და სხვა პრეპარატების ფრიად პერსპექტიული ხერხები. დარიშხანის ქიმია-ტექნოლოგიაში ქართვ. ქიმიკოსებს ეკუთვნოდათ 80-ზე მეტი საავტორო უფლება სსრ კავშირში, ხოლო ოცდაათამდე გამოგონებამ საქართველოს პატენტი დაიმსახურა. რ . გიგაური.