დარკვეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარკვეთი. წმინდა გიორგის ეკლესია. X– XI სს. მიჯნა.

სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის თემში (იმერეთის მხარე), ჭიათურის პლატოზე, მდ. ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 580 , ჭიათურიდან 8 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002). სოფლის მახლობლად არის დარკვეთის, სამგლეკლდის, ორმოების (კოჟების), სამელეკლდის, ძუძუანის მღვიმეები. სოფელს პირველად იხსენიებს ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.). დ-ში არის X–XI სს. მიჯნის ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი წმ. გიორგის ეკლესია. თავდაპირველად იგი ერთნავიანი ყოფილა, შემდეგ გარსშემოსავლელი მიუშენებიათ. ეკლესია მაღალია და ფართო, პროპორციები – მოხდენილი. შიგნით შელესილია. ეკლესიის შიგა სივრცე დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი კამარის საბჯენი თაღების მეშვეობით. ინტერიერში მორთულობა არ გვხვდება, ჩუქურთმა ძირითადად ფასადებზე, სარკმელთან და შესასვლელებთანაა თავმოყრილი. ფასადის დეკორ. მორთულობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რელიეფურ, ასომთავრულ წარწერებს. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებული არიან ეკლესიის მშენებლებიც (ვინმე გოლიათის შვილები): გოდალბრი, ლიპარიტ და კ-ე. აღსანიშნავია აღმ. ფასადის სარკმელი, რ-ის სასინათლო ხვრელი პატარა ბოძით ორად იყოფა (ორმაგი სარკმელი).

ლიტ .: Ш м е р л и н г Р. О., Церковь в селении Дарквети, «ქართული ხელოვნება », 1963, #6. ვ . დოლიძე.