დარკვეთის ეხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარკვეთის ეხი. ქვის იარაღი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას, სოფელ ითხვისის ჩრდილოეთით (ჭიათურის მუნიციპალიტეტი). 1968–72 გათხარეს (ხელმძღ. ლ. ნებიერიძე) 5 კულტ. ფენა. I ფენა, შეიცავდა მეზოლითის ხანის კაჟის მიკროლითურ საფხეკებს, ასიმეტრულ სამკუთხედებს, თხელ და ვიწრო ლამელებს, რიყის ქვის საწაფებს, შურდულის ქვებს. II ფენაში აღმოჩნდა ადრინდ. (უკერამიკო) ნეოლითისათვის დამახასიათებელი მასალა: რიყის გახეხილ- გაპრიალებული სატეხსათლელები, კაჟის გეომ. ფორმის ჩასართები (ტრაპეციები), ლამელები, პირამიდული და პრიზმული ნუკლეუსები. III, IV და V ფენებში ყვირილის ხეობის ენეოლითური კულტურის სხვადასხვა ეტაპია წარმოდგენილი. III და IV ფენებში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კაჟის შუბები და ისრისპირები, ფიქლის სამაჯურები და კვირისტავები, ბაზალტის გახეხილ- გაპრიალებული ცულები და სათლელ-სატეხები, ხელსაფქვავები, ძვლის სადგისები, სახვრეტები, მახათები; მცირე რაოდენობით გეომ. ფორმის ჩასართები. კერამიკა მოვარდისფრო-მონაცრისფროდაა გამომწვარი და გაპრიალებული. გვხვდება წითლად გაპრიალებული თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხებიც. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ყვირილის ხეობის მღვიმეებში (სამერცხლეკლდე, სამელეკლდე, ძუ- ძუანა). V ფენაში აღმოჩნდა კაჟის შუბისპირები, მასიური საფხეკები, ფიქლის სამაჯურები, მრავალი ანატკეც-ანატეხი (წარმოების ნარ- ჩენები). თიხის ჭურჭელი ორნამენტით ემსგავსება ახშტირისა და ოქუმის მღვიმეების ენეოლითურ კერამიკას. V ფენა დაზიანებულია ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მტკვარარაქსის კულტ. ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელი სამარხებით. დ. ე-ში გამოვლენილი ენეოლი- თური კულტურა გარკვეულ სიახლოვეს იჩენს მაიკოპის კულტურასთან.

ლიტ. : ნ ე ბ ი ე რ ი ძ ე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972. ლ. ნებიერიძე.