დარჩიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით შანშეს ძე (16. XII. 1960, თბილისი), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1987), ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი (გერმანია, 2001). 1990–91 იყო ქართვ. ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი და გაზ. "ქართველი ერის" (ტრადიციონალისტთა კავშირის ორგანო) რედაქტორი. 1991–2004 იყო თსუ-ის რუს. ისტ. კათედრის მეცნ. თანამშრომელი, საქართვ. პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფონდის – "ღია საზოგადოება – სა ქართველო" აღმასრ. დირექტორი (2004–08). არის სამხ.-სამოქ. ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის (კავკასიური ინ-ტი) დირექტორი (1997 წლიდან), ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (2006-იდან), საქართველოს პარლამენტის წევრი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2008). ავტორი მონოგრაფიისა: "ჯარისკაცები, პოლიტიკოსები, მოქალაქენი" (2000).


დარჩიაშვილი

ვლადიმერ (ლადო) ივანეს ძე (1872, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 7. V. 1916, სოფ. შოხა, გერმანია), პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი. სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს აკრძალული ლიტერატურის კითხვისათვის. 1898–1905 სწავლობდა საზღვარგარეთ (პარიზი, ბრიუსელი). დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი. იყო იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, "მესამე დასის" წევრი და პირველი კონფერენციის მონაწილე. აქტიურად თანამშრომლობდა გაზ. "კვალთან". იყო სოც. – დემოკრ. გაზეთების "სხივისა" და "სიმართლის" ფაქტობრივი რედაქტორი. დ. იზიარებდა ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით ქართული სახელმწიფოს აღდგენის იდეას, რის გამოც უთანხმოება ჰქონდა თავის თანაპარტიელებთან. 1908 წელს გამოსცა ჟურნ. "ალიონი". პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ინტერნირებულ იქნა. გარდაიცვალა ტყვეობაში. დ. შველიძე.