დასტა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასტა.

აღმოსავლური მუსიკალური საკრავების დამკვრელთა მცირე ანსამბლი სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში გავრცელდა XVII ს-ში აღმოსავლური რეპერტუარით. ანსამბლის შემადგენლობაში იყო ორი ზურნა ან ორი დუდუკი და დოლი. მელოდიას ასრულებს ერთი მეზურნე "უსტა" – ოსტატი, მეორე მეზურნე – "დამქაში" – მელოდიას ბურდონული (გაბმული) ბანით მიჰყვება კილოს ძირითად საფეხურებზე. მედოლე დახელოვნებული მომღერალიცაა. დ-ის რეპერტუარი მრავალფეროვანია, უმთავრესად ასრულებენ საყოფაცხოვრებო, ლირ.-სატრფიალო, სალაღობო, საცეკვაო მუსიკას. იგი ყარაჩოხელებისა და თავადიშვილების ქალაქური ლხინის აუცილებელი თანმხლები იყო. დროთა ვითარებაში დ-ის რეპერტუარი თანდათან გამდიდრდა ქართ. ხალხ. სიმღერებით. ანსამბლმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია XX ს. 30-იან წლებში, როდესაც ცნობილი მომღერლის, ა. ვარდიაშვილის , წინადადებით დ-ს მესამე დუდუკი დაუმატეს. ამიერიდან დ-მ იწყო სამხმიანი ქართ. სიმღერების შესრულება და დიდი პოპულარობაც მოიპოვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. თბილისში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ხ. ტალგაუკოვის და ქსოვრელების დასტები, ანსამბლი "სოინარი". დ-ის თანხლებით მღეროდნენ ა. ვარდიაშვილი და ნ. დ. დადიანი. გ. ჩხიკვაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დასტა&oldid=3952-დან“