დაუდ-ფაშა გურჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1767 ან დაახლ. 1774, ქვემო ქართლი, – 1851, მედინა), ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი 1817–31. წარმომავლობით ქართველი, მ ა ნ ვ ე ლ ა შ ვ ი ლ ი. დ. გ. ბავშვობაში გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. მოხვდა ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან. დაამთავრა მამლუქთა სასწავლებელი. შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა (საფაშოს ბეჭდის მცველი, ხაზინადარი, დავთარდარი და სხვ.). ერაყის მმართველად დანიშვნისთანავე განუდგა ოსმ. სულთანს. ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გააფართოვა საირიგაციო სისტემა, შექმნა საზღვაო და სამდინარო ფლოტი, გახსნა ქაღალდის პირველი ფ-კა. არმია გარდაქმნა ევრ. ყაიდაზე, ერაყში გახსნა პირველი სტამბა, შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სას.- სამ. პროდუქტებზე. ცდილობდა რუს.-ოსმ. 1828–29 ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1830 სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. დ. გ. დამარცხდა და 1831 სექტ- ში ოსმალებს დანებდა. 1834 ბოსნიის გამგებლად დანიშნეს, ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1839–41 ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1841 სახელმწ. სამსახურიდან გადადგა. 1846 მედინაში დასახლდა და პირადი თხოვნით მუჰამადის საფლავის ზედამხედველად (შაიხ ალ-ჰარამ) დაინიშნა. მედინის ერთ-ერთ გარეუბანში გააშენა მშვენიერი ბაღი, რ-საც შემდგომ "დაუდიე" უწოდეს. დ. გ-ის ოჯახის წევრები საქართველოში ორბელიანების ყმები იყვნენ. საქართვ. მთავარმართებელ გენ. ერმოლოვთან მიმოწერის შედეგად დ. გ-მ ისინი ყმობიდან გაათავისუფლა, უნდოდა მათი გააზნაურებაც, თუმცა ვერ მოახერხა. ა. გრიბოედოვის 1824 ცნობით, დ. გ-ს საქართველოში გამოუგზავნია თავისი რწმუნებული პეტრე იოსეფაშვილი (იუსუფ-აღა), რ-საც დ. გ-ს დედა ბაღდადში უნდა წაეყვანა, მაგრამ დედამ მართლმადიდებლურ სამშობლოში დარჩენა ამჯობინა. დ. გ. დაკრძალულია ხალიფა ოსმანის საფლავის მახლობლად.

ლიტ. : ბ ე ი - მ ა მ ი კ ო ნ ი ა ნ ი გ., ქართველ მამლუკთა მბრძანებლობა ერაყში XVIII და XIX საუკუნეებში, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1944, ტ. 5, #7; ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე დ., ს ი - ლ ა გ ა ძ ე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967. ბ. სილაგაძე.