დაუდ-ხანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაუდ-ხანი. კასტელის ალბომი. XVII ს.

(XVI ს. II ნახ. – XVII ს. I ნახ.), განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625–33, წარმომავლობით ქართველი, უ ნ დ ი ლ ა ძ ე, ალავერდი ხანის ძე. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. დ. ნიჭიერი მხედართმთავარი იყო. მისი ხელმძღვანელობით ირან. ჯარმა 1614 დაიპყრო გამბრუნი, 1618 არდებილთან შეაკავა ოსმალები და შემდეგ უკუაქცია ისინი. ეწეოდა დიდ სააღმშენებლო საქმიანობას – ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვ. დ-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის აჯანყების მომზადება- ში. დ. შაჰის ბრძანებით აჯანყებულ ქართველთა წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო, თუმცა, ავადმყოფობის საბაბით, უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე. 1625, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილ. მახლობლად თეიმურაზ Iთან გამართულ მოლაპარაკებაში. დ-ის მცდელობით შემუშავდა საქართველოს მიმართ შაჰ–აბას I-ის კომპრომისული პოლიტიკა. 1629 ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართვ. ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (შემდგომ ქართლის მეფე როსტომი) მოახერხა დ-ის ჩამოქვეითება. 1630–31 სეფი I-მა დ. მეჯლისიდან გააძევა. 1633 დ. აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. დ-მა ყაჯართა ერთი ჯგუფი წაიყვანა საქართველოში, შემდეგ აჯანყებულებმა ყაჯართა თავკაცები დახოცეს და განჯა-ყარაბაღი დაარბიეს. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დ-ის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უარი შეუთვალა. დ-მა ოსმალეთს შეაფარა თავი.

წყარო: გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; დ ო ნ პ ი ე ტ რ ო ა ვ ი ტ ა - ბ ი ლ ე, ცნობები საქართველოზე (XVII ს.), ბ. გიორგაძის გამოც., თბ., 1977; ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ი ს ქ ა ნ დ ე რ მ უ ნ შ ი ს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.

ლიტ .: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI–XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით), კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972; კ უ ც ი ა კ., კავკასიური ელემენტი სეფიანთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე, იქვე, [ტ.] 1, თბ., 1963; ფ ა თ ე მ ი მ. მ., სპარსული მასალები XVI–XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ, თბ., 1982. დ . კაციტაძე.