დაღეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), ქვემო ქართლის პლატოზე, მდ. ჭივჭავის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: დ., სამშვილდე). ზ. დ. 860 , თეთრი წყაროდან 10 კმ . 235 მცხ. (2002). დ. პირველად 1556 საბუთში მოიხსენიება, საიდანაც ირკვევა, რომ დონდარა მამადელაშვილს დ-ის მამასახლისობა უბოძა დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა. XVII ს. საბუთების მიხედვით, დ-ს ორბელიშვილები ფლობდნენ. სოფლის სამხრ. უბანში შემორჩენილია ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. მის ირგვლივ სასაფლაოზე მრავალი ქვაჯვარია. ზედაპირზე ნაპოვნი მოჭიქული და წი- თელი კერამიკის ნიმუშები XI–XIII სს. მიეკუთვნება. სოფლის ჩრდ.-დას-ით, დაახლ. 1,5 კმ -ზე, ქვიან ბორცვზე აღმოჩენილია ნანგრევთა ნაშთები. მას ახლა ყალაჩას უწოდებენ, ძვ. რუკებზე კი აქ ყალაჩის მონასტერია აღნიშნული. კირხსნარიანი ლოდების გროვათა გარდა, არის მშრალად ნაწყობი განიერი კედლებიც. დ-ის დას-ით, დაახლ. 1 კმ-ზე, თეთრი წყაროსკენ მიმავალი გზის მარჯვ. მხარეს, ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევია. პერანგშემოძარცული შენობის კედლები რეგულარული წყობით იყო ნაგები. სამხრ. შესასვლელზე ჯვრებით, კოპებითა და წარწერით შემკული დიდი არქიტრავის ქვა იდო, რ-ის ასომთავრული წარწერა X ს-ისაა და ასე იკითხება: "ქრისტე, შეიწყალე ქობულ Hევისუფალი, ესე და კარკნალი წყაროQ მან ქმნა". წარწერაში ნახსენები კარკნალი ("დიდი ქვავნარი" – საბა) ზემოაღწერილ ყალაჩას უნდა გულისხმობდეს. ამავე ეკლესიის ქვებში ნაპოვნია წნული ჩარჩოთი შემკული ასომთავრული წარწერის ნაშთი – "თამარის!"; ვარაუდობენ, რომ აქ თამარ მეფე იგულისხმება. დ-ის მახლობლად შემორჩენილია უკანდაღეთის ნასოფლარი და გადაკეთებული ეკლესიის ნაშთი XI ს. წარწერებით, ჩრდ.-აღმ-ით კი – ნასოფლარი ორთაშუა. ყველა წარწერიანი ქვა ამჟამად საქართვ. ეროვნ. მუზეუმშია.

წყარო : დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, [ტ.] 2, ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1953; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ლაპიდარული წარწერები, [ტ.] 1, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, ზ. ალექსიძისა და შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1964.

ლიტ .: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., რუსთაველის ეპოქის ძეგლები ქვემო ქართლში, «ძეგლის მეგობარი», 1966, #8. დ . ბერძენიშვილი.