დაღეთის არქეოლოგიური ძეგლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრებისა და არქეოლოგიური ძეგლი ქვემო ქართლში, სოფ. დაღეთის (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) სამხრ.-აღმ-ით 3 კმ -ზე, მდ. ხრამისა და მისი შენაკადის ხეობებში. ხელოვნური გამოქვაბულების 2 დიდი კომპლექსი გამოკვეთილია ერთმანეთის პირდაპირ მდ. ხრამის მარცხ. შენაკადის, ღელეს, კანიონისებურ ბაზალტის კალთებში. კომპლექსის ახლოს ტაფობი მოფენილია ნასახლარების, ციხე- კოშკების, ეკლესიებისა და სამეურნეო ტერასების ნაშთებით. ძეგლის მკვლევარი არქეოლოგები ამ კომპლექსს აიგივებენ ვახუშტი ბაგრატიონისა და პაპუნა ორბელიანის მიერ მოხსენიებულ "მუგუთის ქვაბებთან". ხეობის მარცხ. კალთაში განლაგებული, 3 იარუსად გამოკვეთილი კომპლექსი 26 გამოქვაბულისა და რამდენიმე ნაშთისაგან შედგება. მარჯვ. კომპლექსში 19 გამოქვაბულია, რომელთა ირიბი იარუსი მარჯვ. ნაპირზე ერწყმის ერთმანეთს. გამოქვაბულები კანიონის შუა და ქვედა რეგისტრში, კლდის ბუნებრივ ან ხელოვნურად გაფარ- თოებული ტერასების გასწვრივაა გამოკვეთილი ბაზალტის ქანების გახურება-გაცივებით, ბზარებში სოლების ჩაჭედებისა და გამონგრევის ხერხით, ლითონის იარაღის გამოუყენებლად. ქვაბები ოთხკუთხა ან დაახლ. ოვალური ფორმისაა. არქეოლ. გათხრები ჩატარდა 1985, განახლდა 1997- იდან (აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შემსწავლელი ექსპედიცია, ხელმძღვ. ნ. ბახტაძე და ოქსფორდის არქეოლ. კვლევის ლაბორატორია). სტრატიგრაფიულ ჭრილში ნაპოვ- ნია შუა ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი. გაირკვა, აგრეთვე, რომ გამოქვაბულთა დიდი ნაწილი გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში უკვე ათვისებული იყო. აღმოჩენილია შავპრიალა და რუხი მქრქალზედაპირიანი მოშავო და ნაცრისფერი, მოყვითალო და ჩალისფერზედაპირიანი თიხის ჭურ- ჭლის ფრაგმენტები. ზოგიერთის ზედაპირი შემკულია გეომ. ფორმებით (კლაკნილი და ტეხილი ხაზები, სამკუთხედები, რომბები და გრეხილი ორნამენტი). მოპოვებული არქეოლ. მასალის მიხედვით ჩანს, რომ ეს კომპლექსები განვითარებულ შუა საუკუნეებში საბოლოოდ აუთვისებიათ. გამოქვაბულს ეტყობა საფუძვლიანი აღდგენა- რეკონსტრუქცია. მარჯვ. კომპლექსის 6 გამოქვაბული მოიცავს ზღუდეებს, ნახევარწრიულ კოშკს და ჭის ტიპის ასასვლელს. ამავე ჯგუფის ერთ გამოქვაბულში ქვითკირის მინაშენებით ერთნავიანი ეკლესიაა მოწყობილი. ეკლესიის სამხრ-ით 2 გამოქვაბულის ნაშთია. ისინი სატრაპეზოს მოვალეობას ასრულებდნენ, პატარა ქვაბი კი სამარტვილეს წარმოადგენდა. სავარაუდოა, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში აქ მონასტერი იყო. ორივე კომპლექსის გამოქვაბულებში დასტურდება ამ ხანის თიხით მოტკეპნილი ან მოკირწყლული იატაკი, ალიზის კერები, გამომწვარი თიხის თონეები, კირით მოლესილი წყლის რეზერვუარები, სამეურნ. დანიშნულების ორმოები. თითქმის ყველა გამოქვაბულის იატაკისზედა მიწის ფენა XI–XIV სს. დამახასიათებელ ნივთიერ მასალას შეიცავდა (თიხა, მიწა, ლითონი, ძვალი, ტყავის ნაწარმი, ქსოვილებისა და ხალიჩა-ფარდაგების ფრაგმენტები და სხვ. ნაკეთობები). აქვე აღმოჩნდა XIII – XIV სს. სპილენძის მონეტები, პერგამენტზე ნუსხურად ნაწერი ოთხთავის ფრაგმენტები, ქაღალდზე მელნით შესრულებული ეპისტოლარული ხასიათის ხელნაწერი. მოპოვებული მასალის ანალიზით ირკვევა, რომ XIII–XIV სს- ში ქვაბთა კომპლექსებში დედათა მონასტერი ყოფილა. XV ს. დასაწყისში, თემურ-ლენგის ერთ-ერთი შემოსევის შედეგად, მონასტერში ცხოვრება უეცრად, ტრაგიკულად შეწყვეტილა. XVII ს-ში მონასტერ- ში ღვთისმსახურება შეკვეცილი სახით აღდგენილა. XVIII ს. ბოლოს ქვაბთა კომპლექსები საბოლოოდ გაუკაცრიელდა. არქეოლ. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე ნ., ქვემო ქართლის კლდის ძირები, თბ., 1991; მ ი ს ი ვ ე, მუგუთის ქვაბები, «ძეგლის მეგობარი», 1988, #2; მ ი ს ი ვ ე, ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შესწავლისათვის, «მაცნე ». ისტორიის სერია, 1988, #4. ნ. ბახტაძე.