დაცვის სიგელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654–655 (ზოგი ვარაუდით 645) გაცემული დოკუმენტი, რ-იც განსაზღვრავდა დამპყრობელი არაბებისა და ქართლის (საკუთრივ შიდა და ქვემო ქართლის) მოსახლეობის ურთიერთობას. "დ. ს-ს" არაბები აძლევდნენ ნებით დამორჩილებულ მოსახლეობას. ქართლის დასაპყრობად გამოლაშქრებულ ჰაბიბ იბნ მასლამას სტეფანოზ ერისმთავარმა საზღვართან შეაგება ელჩი ძღვნით და მორჩილება აღუთქვა. არაბები თბილისში შემოვიდნენ. მასლამამ მიღებული ძღვენი მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქვეყანას "დ. ს." მისცა. სიგელის ძალით: 1. დამპყრობლები ხელუხლებლად ტოვებდნენ მოსახლ. სარწმუნოებას; 2. დამორჩილებულ მოსახლეობას ეკისრებოდა ხარკი – ჯიზია , კომლზე თითო დინარი; 3. ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობდა, არ შეეცვალა კომლთა რიცხვი გადასახადის შემცირების ან გადიდების მიზნით; 4. ქართვ. მოსახლეობას დაევალა სამხ. სამსახური; 5. თავისი ნებით გამაჰმადიანებული ცხადდებოდა დამპყრობელთა ძმად და თავისუფლდებოდა ჯიზიისაგან. არაბებს ქართლის მტერთაგან დაცვა ევალებოდათ. როგორც ჩანს, ქართლის მოსახლეობა შემდეგ აღარ იცავდა სიგელით ნაკისრ ვალდებულებას. 724–725 ქართლში ილაშქრა არაბმა სარდალმა ჯარაჰმა, რ-მაც განაახლა "დ. ს." ზოგიერთი ცვლილებით და დამატებით. ჯიზიასთან ერთად, რ-იც ამ დროისათვის სულადი გადასახადი იყო, მოსახლეობას დაეკისრა საადგილმამულო გადასახდელიც – ხარაჯა. "დ. ს-ის" ტექსტი დაცულია IX–X სს. არაბი ისტორიკოსების ტაბარის, ბალაძურის, XIII ს. გეოგრაფის და ისტორიკოსის იაკუთის თხზულებებში, სიგელის ტექსტი თარგმნილია გერმ., რუს., ქართ. ენებზე.

ლიტ .: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ჰაბიბ იბნ მასლამას "დაცვის სიგელი", «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1951, ნაკვ. 29; მ ი ს ი ვ ე, არაბთა მფლობელობის ხასიათი საქართველოში, იქვე, 1963, ნაკვ. 35; ს ი ლ ა გ ა ძ ე ბ., ჰაბიბ იბნ მასლამას "დაცვის სიგელის" დათარიღებისათვის, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1971, # 1; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ე., არაბეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, «თსუ შრომები», 1959, ტ. 73; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2); ჯ ა ნ ა შ ი ა ს., არაბობა საქართველოში, შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952. მ . ლორთქიფანიძე.