დგიმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის მუშა ნაწილი, ქსლის ძაფების ამწევ-დამწევი. ქართულ ხალხ. ჰორიზონტალურ ანუ დგიმსავარცხლიან საქსოვ დაზგებში ქსოვის პროცესში უმთავრესად ორ (წინა და უკანა) დ-ს იყენებდნენ. დ-ებს სოფლად თვითონ მქსოველი ქალები "ამოასხამდნენ" ე. წ. სადგიმე ფიცარზე კანაფის მკედით. საქსოვ დაზგაზე ჩამოკიდებული წყვილი დ-ის თვლებში მქსოველი გაატარებდა: წინა დ-ში – კენტ, უკანაში კი – ლუწ ძაფებს, რითაც ჰორიზონტალურად დაგებული ქსელი ორ ფენად იყოფოდა. ქსოვის დროს მქსოველს ფეხები დ-ზე გამობმულ საფეხურებში ჰქონდა გაყოფილი. ფეხის დაწევით დ. ძირს დაიწევდა და ქსელი ორად გაიყოფოდა. ხალხ. ფეიქრობაში ამას ქსლის "უბის" (რაჭა), "ქირცის" (ხევსურეთი) ან "ხიფხას" (ხევი) მოყვანა ეწოდებოდა. ქსოვის დროს ასეთი დ. მალე ცვდებოდა და ქსლის 2–3 ამოჭრის შემდეგ მქსოველს ახლით უნდა შეეცვალა. გ.ჩაჩაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დგიმი&oldid=3561-დან“