დედაბოძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული დარბაზული სახლის დედაბოძი.

მთლიანი ხისაგან გამოთლილი დიდი, თავფართო სვეტი, ქართული დარბაზული სახლის ცენტრალური ბოძი, რ-საც ეყრდნობოდა გვირგვინიანი გადახურვა. დ-ზე იყო გადებული სახლის განივი კოჭი, თავხე. ბოძსა და თავხეს შორის სიმძიმის გასანაწილებლად დებდნენ ე. წ. "ბუღაურას", ანუ "დათვას" – ხის გრძელ ბალიშს, რ-იც დ-თან ერთად მთლიან ელემენტს ქმნიდა. დ-ზე გამოსახავდნენ გეომ. ორნამენტებს, ფრინველებს, ცხოველებს, ადამიანის ხელს, სხვადასხვა ტიპის ჯვარს, რადიალურად განსხვავებულ მზეს, ბორჯღალას, კონცენტრულ წრეებს, ვარსკვლავებს და სხვ. ხალხის წარმოდგენით, დარბაზული სახლის კერა, დ. და გვირგვინი ერთ კომპლექსს შეადგენდა და ოჯახის სიწმინდედ იყო მიჩნეული. ყველა რიტუალი სახლში დ-ისა და კერის გარშემო სრულდება. დ-ის წარმოშობაზე არსებული ხალხ. თქმულებები მიუთითებენ, რომ დ-ის თაყვანისცემა უკავშირდება ჩვენში ოდესღაც გავრცელებულ ხის კულტს (ერთ-ერთი თქმულების თანახმად, ღვთაება კერაში ამოსული, გველშემოხვეული ხის სახით გამოეცხადებოდა თავის საყმოს) და სიცოცხლის ხის მოტივს. ძვ. ქვეყნებში, კერძოდ კავკასიაში. სიცოცხლის ხე წარმოდგენილი ჰქონდათ ცის საყრდენად, მნათობთა სადგურად და ღვთაებათა მშობლად. სწორედ ასეთი ხის ყველაზე სრულყოფილი სიმბოლო ჩვენში დ. იყო. ხალხ. წარმოდგენით, იგი ისე ებჯინებოდა გვირგვინს, როგორც სიცოცხლის ხე – ცას. არქეოლ. მონაცემებით, საცხოვრებლის წმინდა სვეტების თაყვანისცემა საქართვ. ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრინდ. სამიწათმოქმედო ხანაში ყოფილა გავრცელებული.

ლიტ .: ჩ ი ტ ა ი ა გ., გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, «მიმომხილველი», 1926, ტ. 1; ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი გ., ქართლის დარბაზი, [ნაკვ.] 1–4, ტფ., 1926–27; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 1 – მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ., 1946. ი. კ. სურგულაძე.