დედაციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთავარი ციხის აღმნიშვნელი ზოგადი ქართული ტერმინი. ლეონტი მროველი იხსენიებს კახეთისა და სამშვილდის დ-ებს. ვახუშტი ბატონიშვილი კახეთის დ-დ ბოჭორმას მიიჩნევდა. ქართ. წყაროებში დ-ის სინონიმად გვხვდება აგრეთვე ტერმ. "თავადი ციხე". დ . ბერძენიშვილი.


დედაციხე

ადრინდელი შუა საუკუნეების ხანის ციხესიმაგრე კასპის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ თეძმის ხევში, მდ. თეძმის მარჯვ. სანაპიროზე. ციხე აღმართულია მაღალ, კლდოვან მწვერვალზე. ოთხკუთხა გალავნის შიგნით არის კოშკი, თონე, წყალსაცავები, ციხის ძირში კი – ნასოფლარი და დარბაზული საყდრის ნანგრევი. VII ს. სომხ. გეოგრაფიაში თ ა ნ ა მ ი მ დ ე ვ რ უ ლ ა დ ა ა ჩამოთვლილი საქართვ. ადმ.- ტერიტ. ერთეულები, მ. შ. იხსენიება ტანის ხევი (აქ იგულისხმება თეძამ-ატენის ხეობები და მ. შ. მოქცეული ტერიტ.), რ-ის სათავეშია "დევციხე"; ქართ. წყაროებში დევციხე არ არის მოხსენიებული. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ამ ადგილას ასახელებს დედაციხეს (ასე უწოდებდნენ ძველად დიდი მნიშველობის ციხეებს). დ-ის ასეთი მნიშვნელობა განპირობებული უნდა იყოს თეძმისა და ატენის ხეობებით, ქართლიდან თრიალეთში მიმავალი გზებით, რ-ებიც სწორედ აქ გადიოდა. მათ როლზე მეტყველებს ნახიდურები თეძამზე და იქაური ტოპონიმები: "სვანეთი", "ნადარბაზევი", "ბოგირი". IX ს-ში, კლდეკარის ციხის აგების შემდეგ, დ-ის მნიშვნელობა ეცემა – აქ სხვა სააღმშენებლო ფენა აღარ ჩანს.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ციხეთა შესწავლის ზოგიერთი საკითხი, «ძეგლის მეგობარი», 1968, # 14. დ . ბერძენიშვილი.