დედა ენა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანუ "ა ნ ბ ა ნ ი დ ა პ ი რ ვ ე ლ ი ს ა კ ი თ ხ ა ვ ი წ ი გ ნ ი ს ა ხ ა ლ ხ ო შ კ ო ლ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს", ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის, შექმნილი ი. გოგებაშვილის მიერ. გამოვიდა 1876. "დ. ე-ში" წარმოდგენილია ორი წლის კურსის მასალა. წერაკითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906-იდან "დ. ე." 2 წიგნად გამოდის: პირველში თავმოყრილია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში – საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხ. შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრ., ისტ. და ეთნოგრ. შინაარსის მეცნ.-პოპულ. სტატიები. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ი. გოგებაშვილის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება რელიგიასთან მიმართებით მის სახელმძღვანელოებშიც აისახა. "დ. ე-ის" გამოსვლის შემდეგ რელიგ. მასალა ყოველ ახ. გამოცემაში მატულობდა და 90-იან წლებში მთელი სახელმძღვანელოს მესამედი შეადგინა. წიგნში შედიოდა ორი ვრცელი განყ- ბა – "სასულიერო-ზნეობრივი" და "მოთხრობანი საღმრთო ისტორიიდან", აგრეთვე ლოცვები და ხუცური ანბანი, ნუსხურ-მხედრული შრიფტით დაწერილი ტექსტები. ცალკე თავებად შედიოდა მასალა ი. გოგებაშვილის საღმრთო ისტორიის სახელმძღვანელოდან, რ-იც ცალკე წიგნად არ გამოსულა. "დ. ე-ს" საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტ.-მეთოდიკური პრინციპები, გამსჭვალული კულხალხურობის სულისკვეთებით. მან დიდი როლი ითამაშა ქართვ. ახალგაზრდობის თაობათა აღზრდა-განათლებაში. ავტორის სიცოცხლეში (1912-მდე) იგი 33- ჯერ გამოიცა (1 ნაწ. – 27-ჯერ), ი. გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ "დ. ე-ის" გამოცემა მიენდო სპეც. კომისიას, რ-საც ლ. ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. 1876–1925 "დ. ე." 45-ჯერ გამოიცა. ვ. ძიძიგურისა და ა. გვახარიას "დედა ენის" 1935–43 გამოცემებში ძირითადად ი. გოგებაშვილის ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდია გამოყენებული. ი. გოგებაშვილის "დ. ე-ის" საფუძველზეა შედგენილი ნ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძის "დ. ე." (2 წიგნად) I და II კლასებისათვის (1944-იდან სისტემატურად გამოდიოდა) და ვ. რამიშვილის მიერ შედგენილი "დ. ე." (პირველად გამოიცა 1973). 1976 ზეიმით აღინიშნა "დ. ე-ის" მე-100 წლისთავი. საიუბილეოდ დაისტამბა 1876 და 1912 გამოცემები. 1994 თბილ. შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრში დაიდგა "დ. ე-ის" მოტივზე აგებული სპექტაკლი "იაკობის სახარება" (რეჟ. რ. სტურუა). ვ. რამიშვილი.