დეეტერსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Deeters) გერჰარდ ულრიხ ვოლდემარ (8. VIII. 1892, ლემბურგი, – 19. X. 1961, ბონი), გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. ლაიფციგის უნ-ტის ასისტენტი (1927–32), ბონის უნ-ტის პროფესორი (1935–60). 1922– 25 სწავლობდა შედარებით ენათმეცნიერებას იენასა და მიუნხენში. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართველური ზმნა". 1930–34 იყო ა. დირის მიერ დაარსებული ჟურნ. "კაუკაზიკას" ("Caucasica") გამომცემელი, ხოლო 1937–60 გამოსცემდა ჟურნ. "Indogermanische Forschungen" ("ინდოგერმანული ძიებანი"). დ-ს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ქართ. და სხვა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტ. საკითხებზე, მ. შ. აღსანიშნავია მონოგრაფია "ქართველური ზმნა" (1930), რ-შიც საფუძვლიანად არის გაანალიზებული ქართველურ ენათა შედარებითი მორფოლ. მრავალი საკვანძო საკითხი, ახლებურად არის დასმული საერთო- ქართველური ფუძეენის დიფერენციაციის პრობლემა. დ-მა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ქართ. (ქართველური) ენისა და სომხურის ურთიერთმიმართების საკითხებს. მას ეკუთვნის გამოკვლევა ქართ. დამწერლობის ისტორიის შესახებ. მისი აზრით, ქართ. დამწერლობა ბერძნულიდან მომდინარეობს და ის საქართვ. გაქრისტიანების შემდეგ არის შექმნილი. დ-მა გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი ქართ. ლიტ-რის შესახებ. მისი წიგნი "ქართული ლიტერატურა" არის ქართ. მწერლობის ისტორიის (V–XX სს.) მოკლე მიმოხილვა. დაბეჭდა რამდენიმე სტატია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" შესახებ. დ. იყო კავკ. ენების ცნობილი სპეციალისტი. აღზარდა ქართველური ენების არაერთი გამოჩენილი მკვლევარი (ფ.ნაისერი, კ. ჰ. შმიდტი და სხვ.).

თხზ .: Armenisch und Südkaukasisch, «Caucasica», fasc. 3–4, Lpz., 1926–27; Eine Tscherkesische Grammatik, იქვე, fasc. 9, Lpz., 1931; Die Abchasische Sprachbau, «Nachrichten der Gesellschaft der Wissenschaften », Gött., 1931; Die Kaukasische Sprachen, «Handbuch der Orientalistik», hrsg. von B. Spuler, I Abt., Bd. 7, Leiden– Köln, 1963; Georgische Literatur, იქვე.

ლიტ .: რ ე ვ ი შ ვ ი ლ ი შ., გერჰარდ დეეტერსი და ქართული ლიტერატურა, «უცხო ენები სკოლაში», 1973, # 3; L a n g D. M., Professor Gerhard Deeters, «Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie», v. 11–12, P., 1961. ზ. სარჯველაძე .