დევებიანის ნამოსახლარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევებიანის ნამოსახლარი. XII–XIII სს.

XII–XIII სს. ძეგლი მდ. ფშავის არაგვის მარჯვ. ნაპირზე, დევებიანად წოდებულ ადგილზე (დუშეთის მუნიციპალიტეტი). 1974 ნამოსახლარი გათხარა ჟინვალის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). იგი განლაგებული იყო ხელოვნურ ტერასებზე. თითოეული სამოსახლო კომპლექსი შედგებოდა 3 ძირითადი და 1 ან 2 დამხმარე სათავსისაგან. ტერასის ზედა საფეხურზე განლაგებული იყო საცხოვრებელი და მარანი. კედლები ნაგებია კლდის ნატეხი ქვით ტალახზე. საცხოვრ. ოთახების იატაკი თიხატკეპნილია, შუა ნაწილში კერაა, კედლების გაყოლებით – ქვის "ტახტები". მარანში ქვიტკირის საწნახლები და ქვევრებია. ქვედა საფეხურზე განლაგებულია გომური, რ-ის სახურავი საცხოვრებლისა და მარნისათვის ერთგვარ აივანს წარმოადგენს. დამხმარე სათავსები საჯინიბოებად ან წვრილფეხა პირუტყვის სადგომად გამოიყენებოდა. ერთი კომპლექსი შედარებით დიდია. შემოზღუდულია კლდის ლოდებისაგან მშრალად ნაგები გალავნით, სამხრ. ნაწილს კარიბჭე და ქვისსაფეხურებიანი კიბე აქვს. სავარაუდოა, რომ მასში დიდი ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დანარჩენი კომპლექსები მისგან ახ. საოჯახო ერთეულების გამოყოფის შედეგადაა შექმნილი. ნამოსახლარზე აღმოჩენილია ერთფრად და ნაირფრად მოჭიქული თიხის ჯამები, ჩალისფერი სასმისები, ხელადები, წითელკეციანი დოქები, ქილები, ქვევრები, სადღვებლები, შავკეციანი სამზარეულო ჭურჭელი, ქვის ხელსაფქვავები, მინის სასმისები, რკინის ისრისპირები, დანები, ნამგლის ფრაგმენტები, სასხლავები, ცხენის ნალები, რუსუდან დედოფლის სპილენძის მონეტა და სხვ. სათავსებს გარეთ მოპოვებული კერამ. მასალის მიხედვით, შესაძლოა ამ ტერასაზე ცხოვრება X– XI სს-შიც დაიწყო. სამოსახლო განადგურებულია ძლიერი ხანძრის შედეგად, რაც ქრონოლოგიურად არაგვის ხეობაში მონღოლთა ურდოების შემოსევებს ემთხვევა. ამის შემდეგ ცხოვრება აღარ განახლებულა. 1985-იდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.

ლიტ .: რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი გ., "დევებიანისა" და "დიდრუვის" ნასოფლარები, კრ.: ჟინვალის ექსპედიცია, თბ., 1981. გ . რჩეულიშვილი.