დეიზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ლათ. Deus – ღმერთი), რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, უარყოფს რელიგიებს (დაფუძნებულს წმინდა წიგნებზე, რ-ებშიც ღმერთის სიტყვაა გამოცხადებული), რელიგ. სასწაულებს, წინასწარმეტყველებებსა და საიდუმლოს, თუმცა აღიარებს იმ უზენაესი არსების ან ღმერთის არსებობას, რ-მაც შექმნა სამყარო და ადამიანებს მისცა მისი შემეცნების უნარი – გონება, რაც, ამავე დროს, არის რელიგ. ჭეშმარიტების ერთადერთი საზომი. დ-ის მიხედვით ჭეშმარიტი რელიგია არის ბუნებრივი რელიგია, რ-იც კაცობრიობის ჩასახვის დროიდან არსებობს ყველა ხალხში, როგორც წარმოდგენათა ერთობლიობა უზენაესი ძალის, პირველი მიზეზის, ღმერთის შესახებ. დეისტებს მიაჩნიათ, რომ ტრად. რელიგიების (ქრისტიანობის, ისლამისა და სხვ.) შექმნას საფუძვლად ედო პოლიტიკური ტირანიისა და საეკლ. ძალაუფლების ინტერესებთან შერწყმული ადამიანთა მიმნდობლობა. დ. განსაკუთრებით გავლენიანი ხდება XVII–XVIII სს. ინგლისში, საფრანგეთსა და აშშ-ში. ინგლისში დ-ის ფუძემდებლად ითვლება ე. ჰერბერტ ჩერბერიელი (1583–1648, ინგლისელი ფილოსოფოსი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე). იგი თვლის, რომ ბუნებრივი რელიგ. პრინციპით არსებობს უზენაესი არსება, რსაც თაყვანი უნდა ვცეთ; ღმერთის თაყვანისცემა სათნო და ღვთისმოსავი ცხოვრებაა; დანაშაული და უზნეო ქცევა მხოლოდ სინანულით გამოისყიდება, მიზღვა ხდება საიქიო ცხოვრებაში. დეისტებს შორის გამორჩეულები იყვნენ: ინგლისში – ჯ. ლოკი (1632–1704), ჯ. ტოლანდი (1670–1722), ჯ. ა. კოლინზი (1676–1733), დ. ჰიუმი (1711–76); საფრანგეთში – შ. მონტესკიე (1689–1755), ვოლტერი (1694–1778), ჟ.-ჟ. რუსო (1712–78), მ. რობესპიერი (1758–94); გერმანიაში – ჰ. ს. რეიმარუსი (1694– 1768); აშშ-ში – ბ. ფრანკლინი (1706–90), ტ. პეინი (1737–1809), თ. ჯეფერსონი (1743–1826), ე. პალმერი (1764–1806). XIX ს. დასაწყისიდან დ. თანდათან კარგავს გავლენას, თუმცა ის დღესაც საკმაოდ პოპულარულია – არსებობს დეისტთა საერო გაერთიანებები (კლუბების მსგავსი), მ. შ. დეისტ- თა მსოფლიო კავშირი. XVIII ს. ბოლოდან ტერმინმა დ. მიიღო მეორე მნიშვნელობაც ის აღნიშნავს თვალსაზრისს, რ-ის თანახმადაც სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთი მის "ცხოვრებაში", ე. ი. მოვლენათა მსვლელობაში, აღარ ერევა, არ ახდენს გავლენას მასზე (შესაბამისად, ადამიანის ლოცვა-ვედრება და იმედები არის არაფრის მომტანი, უნაყოფო). ამის გამო ამ თვალსაზრისს "უფლის თანამხლების" კონცეფციას უწოდებენ. დ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ვრცელდებოდა ქართველი ვოლტერიანელების მიერ. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა იოანე და დავით ბატონიშვილების შრომები; კერძოდ, იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" აშკარად ატარებს ვოლტერის დეისტური რელიგიის გავლენის კვალს. იგივე ითქმის დავით ბატონიშვილის რომანის "ახალი შიხის" შესახებაც. მათ გარდა ვოლტერის მოძღვრების დეისტური ასპექტის გამოვლინებაში გარკვეული წვლილი მიუძღვით ა. ჭავჭავაძეს, ი. გარსევანიშვილს, პ. ყიფიანს, ჯ. ჯორჯიკიას, ზ. ჭიჭინაძეს, ი. მანსვეტაშვილსა და სხვ. საქართველოში ვოლტერიანელობის გავრცელებასა და მისი დეისტური იდეოლოგიური შინაარსის კვლევის ისტორიას გულმოდგინედ სწავლობდნენ რ. დოდაშვილი და ლ. ნ. ასათიანი.

ლიტ .: ა ს ა თ ი ა ნ ი ლ., ვოლტერიანელობა საქართველოში, ტფ., 1933. ლ. მჭედლიშვილი.