დეკადენტობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ფრანგ. decadence< გვიანდ. ლათ. decadentia – დაცემა), XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისის ევროპულ კულტურაში უიმედობისა და ცხოვრებისაგან განდგომის, ინდივიდუალიზმის განწყობილებათა გამოხატულება. დ. ქადაგებს სამოქალაქო მოტივებისა და პოლიტიკისაგან თავისუფალ ხელოვნებას – "ხელოვნებას ხელოვნებისათვის". მისთვის დამახასიათებელია უკიდურესი ინდივიდუალიზმი, მისტიციზმი. დეკადენტური განწყობილების გამომხატველი ლიტ. მიმდინარეობანია სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი, სიურრეალიზმი და სხვ. დეკადენტური ხელოვნების ზოგიერთი თავისებურება გაერთიანებულია ტერმინით მოდერნიზმი . დ-ის მოტივები მრავალი გამოჩენილი ხელოვნის შემოქმედებაში აისახა, თუმცა ყველას შემოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს დეკადენტურად. დეკადენტური მოტივები ლიტრაში პირველად ფრანგ სიმბოლისტებთან გაჩნდა (პ. ვერლენი, ა. რემბო, ს. მალარმე), რ-თა იდეები და განწყობილებანი შემდგომ განავითარეს საფრანგეთში – პ. ვალერიმ, პ. კლოდელმა, ა. ჟიდმა, მ. პრუსტმა და სხვ.; ინგლისში – დ. გ. როსეტიმ, ო. უაილდმა; გერმანიაში – შ. გეორგემ; იტალიაში – გ. დ’ანუნციომ; ბელგიაში – მ. მეტერლინკმა; ავსტრიაში – ჰ. ჰოფმანსთალმა, რ. მ. რილკემ; რუსეთში – სიმბოლისტმა პოეტებმა (ნ. მინსკი, დ. მერეჟკოვსკი, ზ. გიპიუსი, თ. სოლოგუბი, ვ. ბრიუსოვი, კ. ბალმონტი , ა. ბელი ) და ნატურალისტმა პროზაიკოსებმა (მ. არციბაშევი, ა. კამენსკი და სხვ.). XX ს. დასაწყისის ქართ. ლიტრაში მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა დეკადენტური მოტივები. სასოწარკვეთილებისა და უიმედობის, დაცემულობისა და სულიერი მარტოობის განცდამ თავი იჩინა იმ ქართვ. პოეტთა შემოქმედებაში (ა. აბაშელი , გ. ტაბიძე და სხვ.), რ-ებისთვისაც უცხო იყო დეკადენტური მსოფლაღქმა. დ-ის ესთეტ. პოზიციებს ნაწილობრივ იზიარებდნენ "ცისფერყანწელები" (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე , ვ.გაფრინდაშვილი, გ. ლეონიძე , კ.ნადირაძე , შ. აფხაიძე , რ. გვეტაძე ). 20-იანი წწ. დასაწყისში დ-ს მნიშვნელოვანი ხარკი გადაუხადა ტ.გრანელმა. გ. რობაქიძემ თავისი ლექციებით და მხატვრული შემოქმედებით ხელი შეუწყო მის გავრცელებას. დ-ის გავლენა განიცადეს კ. გამსახურდიამ და "აკადემიური მწერლობის კავშირის" ზოგიერთმა სხვა წარმომადგენელმა. თ.ბარბაქაძე.