დეკანოზიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრია გაბრიელის ძე (1867, სოფ. რუისი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 1955, ქ. დრავეილი, საფრანგეთი), მწერალი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1891), ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდ. ფაკტი (1897). XIX ს. 90-იანი წლების ბოლოს იმყოფებოდა ევროპაში, პოლონეთსა და საფრანგეთში. იმავე წლებში დაბრუნდა საქართველოში, თანამშრომლობდა "ცნობის ფურცელსა" და სხვა ქართულ გაზეთებთან. გამოქვეყნებული აქვს 5 ნოველა "კვალში" ("პეპელა", 1893; "დაღუპული", 1893; "სულერთია, ხომ ვეღარ გამობრუნდება", 1895; "ის კი მიდიოდა", 1896; "სხვისია, სხვისი!" 1897). ნოველები ითარგმნა რუსულად. დ. 1901 წლიდან დაუახლოვდა გაზ. "ცნობის ფურცლის" ეროვნულ- რადიკალურ ჯგუფს. შემდგომში იგი აირჩიეს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის საინიციატივო ჯგუფის მთავარ კომიტეტში ა. ჯორჯაძესთან, გ. დეკანოზიშვილთან, გ. ლასხიშვილთან და ვ.ლორთქიფანიძესთან ერთად. ამ კომიტეტის ბაზაზე და მისი ძალისხმევით შეიქმნა პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში – სოციალისტფედერალისტთა პარტია. დ. მონაწილეობას იღებდა პარტიის პროგრამის შემუშავებასა და, საერთოდ, მის საქმიანობაში. დ. იყო საზოგადოება "ჩემო-ს" წარმომადგენელი ჰააგაში (1920). 1921-იდან იმყოფებოდა ემიგრაციაში.

ლიტ. : ლ ა ს ხ ი შ ვ ი ლ ი გ., მემუარები, თბ., 1934, 1992; შ ვ ე ლ ი ძ ე დ., პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები, თბ., 1993; წ ო წ ე ლ ი ა ვ., მოთხრობები, თბ., 1965. დ. შველიძე.


დეკანოზიშვილი

გიორგი გაბრიელის ძე [1868, პეტროვსკი (ახლანდ. მაჰაჩყალა, დაღესტნის ავტ. რესპ.), – 19. XI. 1910, კანი, საფრანგეთი], პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართვ. ს ო ც ი ალი ს ტ - ფ ე დ ე რ ალი ს ტ თ ა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1901) და ლიდერი, 1890- იდან საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი (1887) და პეტერბურგის სამთო ინ-ტი (1892). 1890 პეტერბურგში შექმნა ქართვ. და სომეხ სტუდენტთა კავშირი, რ-იც მალე დაიშალა. 1889–92 იყო პეტერბურგის ქართვ. სტუდენტთა წრის ლიდერი და რუს. იმპერიის უმაღლ. სასწავლებლების სტუდენტთა პოლიტ. მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. 1892 დ-ის აქტ. მონაწილეობით ქუთაისში დაფუძნდა რუს. იმპერიის ქართვ. სტუდენტთა გაერთ. პოლიტ. ორგანიზაცია "საქართველოს თავისუფლების ლიგა". 1892–95 დ. მუშაობდა ჭიათურაში, ნ. ღოღობერიძის მანგანუმის სამრეწვ. ფირმის ინჟინრად და საბადოს გამგედ, 1895–98 – ბაქოს ნობელების ნავთობგადამამუშავებელი ფირმის კონტროლიორ-ინსპექტორად. 1899 მივლინებულ იქნა ევროპაში (ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი). პარიზში ცოლად შეირთო ფრანგი ქალი ანრიეტა ფრენუა. 1900 სამშობლოში დაბრუნდა. 1902 გ. ზდანოვი- ჩის (მაიაშვილი) დავალებით, მანგანუმის წარმოების იქაური მეთოდების შესასწავლად, იმოგზაურა ბრაზილიასა და კუბაში. დაბრუნების შემდეგ დაწერა მონოგრაფია აღნიშნულ ქვეყნებში მანგანუმის მრეწვ. შესახებ (გამოიცა 1905 ქუთაისში, ქართვ. და რუს. ენებზე). 1900 ქართვ. სოციალისტ-ფედერალისტთა პირველმა ჯგუფმა დ-ის თაოსნობით თბილისში გამოსცა გაზ. "ცნობის ფურცელი" (მანამდე, 1896–1900, იგი თანამშრომლობდა გაზ. "ივერიასთან"). 1901 დ-ის, ა. ჯორჯაძის, თ. სახოკიას, კ. აბაშიძის, ა. დეკანოზიშვილის, გ. ლასხიშვილისა და სხვათა თაოსნობით თბილისში, ფარულ კრებაზე, დაარსდა საქართვ. სოციალისტ- ფედერალისტთა პარტია; დ. ცკ-ის წევრად აირჩიეს, უძღვებოდა პარტიის საორგ. საქმიანობას. 1901 მისი თაოსნობით პარიზში დაარსდა პარტიის პერიოდული გამოცემა – გაზ. "საქართველო", რ-იც ფრანგულენოვან ვარიანტთან ("La Géorgie") ერთად გამოდიოდა 1905 დამლევამდე. 1904 დ. იყო ჟენევაში ქართვ. სოციალისტ-ფედერალისტთა კონგრესის ჩატარების ერთ-ერთი მოთავე. 1904 პარიზში გამოსცა ამ კონგრესის ოქმები. რუს. პირველი რევ. დროს, 1905, დ-ის თაოსნობით, გემ "სირიუსით" საქართველოში გამოიგზავნა იარაღი და ტყვია-წამალი. 1900-იდან დ. იყო ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის გამგეობის წევრი და აქტ. პოლიტ. მოღვაწე. მისი პუბლიც. წერილები ეხება საქართვ. ეროვნ.- პოლიტ. საკითხებს, მანგანუმის წარმოებასა და მის მნიშვნელობას საქართველოსათვის. 1906-იდან დ. იძულებული გახდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჩამოშორებოდა აქტ. პოლიტ. მოღვაწეობას. გარდაიცვალა საფრანგეთში. 1911 ფარულად გადმოასვენეს საქართველოში.

ლიტ .: ს ა ხ ო კ ი ა თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1969; ტ უ ღ უ შ ი მ., გიორგი დეკანოზიშვილი (ცხოვრება და მოქმედება). – ჟურნ. «კავკასიონი», X, პარიზი, 1965; უ რ უ შ ა ძ ე ლ., გიორგი დეკანოზიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიისათვის ("საქართველოს თავისუფლების ლიგა" და "ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტია" – 1890–1906), «საისტორიო ვერტიკალები», 2007, #13. ლ. ურუშაძე.


დეკანოზიშვილი

ვასილ (ვასო) (გ. 1878), რევოლუციონერ-ხალხოსანი, გორის ხალხოსნური წრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. პროპაგანდას ეწეოდა გორის მაზრის სოფლებში. 1876 წ. 6 ოქტ., ქართვ. ხალხოსანთა მასობრივი დაპატიმრების დროს, ახალციხეს შეაფარა თავი. 1877 თბილისში დაბრუნდა და განაგრძო არალეგალური საქმიანობა. 1878 დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც პატიმრებში ავრცელებდა თავისსავე დაწერილ რევ. შინაარსის ლექსებსა და პროკლამაციებს. ტუბერკულოზით დაავადებული დ. ციხიდან გამოუშვეს. მისი დაკრძალვა გორში საპროტესტო მანიფესტაციად გადაიქცა.

ლიტ .: გ ი ო რ გ ა ძ ე გ., თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში (1870–1902), წგ. 1, ტფ., 1929; დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი შ., ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში ტფ., 1933; შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960. ზ. შველიძე.