დეკარტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რ. დეკარტი

(Descartes) რენე (ლათინიზებული სახელი – კ ა რ ტ ე ზ ი უ ს ი, Renatus Cartesius) [31. III. 1596, ლაე (ტურენი), – 11. II. 1650, სტოკჰოლმი], ფრანგი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. ახ. დროის ფილოს. და მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ანალიზური გეომ. შემქმნელი. დ-ის აზრით, ღმერთმა შექმნა სამყარო და ბუნების კანონები, მაგრამ სამყაროს განვითარებაში და ბუნებაში მიმდინარე მოვლენებში აღარ ერევა. მისი მთავარი შრომებია "ბჭობა მეთოდზე", "მეტაფიზიკური განაზრებანი" (ქართ. თარგმ. ს. დანელიასი, 1955), "ფილოსოფიის პრინციპები", "წესები გონების სახელმძღვანელოდ". ს. დანელიას გარდა, დ-ის მოძღვრების შესწავლასა და საქართველოში მისი პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის კ. ბაქრაძესა და ლ. გოკიელს . დ-ის აზრით, მეცნ. ცოდნის სისტემის აგების სარწმუნო და სანდო მეთოდია მისი აგება აქსიომატურად, გეომ. ნიმუშის მიხედვით. ცოდნის ცხადი და მკაფიო წანამძღვრების მოსაპოვებლად ყველაფერში შეეჭვება უეჭველად "დაგვანახვებს" მოეჭვის, როგორც მოაზროვნის, არსებობას ("ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ", cogito, ergo sum). დ-თვის ასეთივე უეჭველი რეალობაა ღმერთი. დ-ის შეხედულებით, აზროვნება და მატერია (განფენილობა) ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სუბსტანციებია; მატერ. სამყარო არის მექანიზმი, რ-იც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა შექმნა, ავტომატურად მუშაობს. ლ. გოკიელის თანახმად, cogito გარკვეული დასკვნაა, ოღონდაც მას აქვს არა სილოგისტიკური გამოყვანის, არამედ უსასრულო რეგრესის სახე (ის, ვინც ეჭვობს საკუთარ არსებობაში, უფრო ადრე უნდა დაეჭვდეს ამ ეჭვის მთქმელის არსებობაში და ა. შ. უსასრულოდ), რ-იც "მეს" არსებობის უარყოფით ადასტურებს ამ უარყოფის შეუძლებლობას. "გეომეტრიაში" (1637) დ-მა პირველად შემოიტანა ცვლადი სიდიდისა და ფუნქციის ცნებები. ანალიზურ გეომეტრიაში დ-ის ძირითადი მიღწევაა მის მიერ შემოტანილი კოორდინატთა მეთოდი, რ-მაც უდიდესი გავლენა მოახდინა მათ. განვითარებაზე. მანვე საფუძველი ჩაუყარა განტოლებათა რიგი თვისებების შესწავლას, გადაწყვიტა ციკლოიდისადმი მხების გავლების, ციკლოიდის ფართობის გამოთვლის ამოცანები და სხვ., მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათ. აღნიშვნების არსებული სისტემა. დ-ს ეკუთვნის მნიშვნელოვანი შედეგები ბუნებისმეტყველებაში. მან ჩამოაყალიბა ციური სხეულების წარმოშობის გრიგალური ჰიპოთეზა, სინათლის სიჩქარეზე წარმოდგენის საფუძველზე დაადგინა სინათლის გარდატეხის კანონი და სხვ.

თხზ .: OEuvres, t. 1–12 et suppl., P., 1897– 1913; Геометрия, М.–Л., 1938.

ლიტ .: ბ ა ქ რ ა ძ ე კ., ახალი ფილოსოფიის ისტორია, ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 6, თბ., 1972; Г о к и е л и Л. П., О природе логического, Тб., 1958. ლ. მჭედლიშვილი.