დეკემბრის შეიარაღებული აჯანყება საქართველოში 1905

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყოველთაო- სახალხო ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ. 1905 ნოემბერში რსდმპ კავკ. კავშირის კონფერენციამ ადგილ. პარტ. ორგანიზაციებს საყოველთაო შეიარაღებული აჯანყების მომზადება დაავალა და მისი ხელმძღვანელობისათვის შექმნა სპეც. ორგანო – კავკ. ბიურო, მებრძოლი რაზმების შეიარაღებისა და გაწვრთნისათვის კი – სამხ.-ტექ. კომისია. 7–8 დეკ. მოსკ. შეიარაღებულმა აჯანყებამ ბიძგი მისცა საქართველოში დაეწყოთ შეიარაღებული აჯანყება თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. საყოველთაო პოლიტ. გაფიცვის ხელმძღვანელობისათვის რსდმპ. კავკ. კავშირის კომიტეტმა შექმნა ცენტრ. საგაფიცვო კომიტეტი 31 კაცის შემადგენლობით. რკინიგზაზე პოლიტ. გაფიცვის უშუალო ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა რკინიგზის თბილ. საგაფიცვო ბიურო 14 კაცის შემადგენლობით. საგაფიცვო ბიუროები შეიქმნა აგრეთვე რკინიგზის დიდსა და საკვანძო სადგურებზე. 12 დეკემბრიდან საგაფიცვო კომიტეტმა ამიერკავკ. მთელ რკინიგზაზე პოლიტ. გაფიცვა გამოაცხადა. ამ დღეს თბილისში გაიფიცნენ რკინიგზის მუშა-მოსამსახურეები, ფაბრიკაქარხნების, სავაჭრო-სამრეწვ. დაწესებულებათა და სტამბების მუშები. თბილისის სადგური და ამიერკავკ. მთელი რკინიგზა გაფიცულთა ხელში აღმოჩნდა. საგაფიცვო კომიტეტმა ხელში ჩაიგდო რკინიგზის სამმართველო და ტელეგრაფი. ამიერკავკ. რკინიგზების უფროსად ს. დოლიძე დაინიშნა. რკინიგზის შემოსავალი საგაფიცვო კომიტეტის განკარგულებაში გადავიდა. საგაფიცვო კომიტეტმა თბილ. სადგურზე მოაწყო სასამართლო, ნაძალადევში საპატიმროებიც გამოყვეს. 14 დეკ. კომიტეტმა ქუჩებში გამოაკრა პირველი მოთხოვნილების პროდუქტებისა და სამრეწვ. საქონლის დაკლებული ფასები და სხვ. საგაფიცვო კომიტეტი იძენდა მუშებისათვის იარაღს, ქმნიდა მუშათა წითელ რაზმებს, იცავდა წესრიგს ქალაქსა და სადგურებში, ხელმძღვანელობდა გაფიცვებს მთელ ამიერკავკასიაში, გაფიცვებისა და აჯანყების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს აქვეყნებდა საგანგებო "ბიულეტენში", მატერ. დახმარებას უწევდა გაფიცულთ და ა. შ., შეიარაღებულმა აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. თუმცა, მთავრობაც ძალას იკრებდა. 14 დეკ. კავკ. ოლქის შტაბში შემუშავდა აჯანყების ლიკვიდაციის გეგმა. რკინიგზა გადაეცა სამხ. უწყებას. იმავე დღეს სამხ.-საალყო წესები შემოიღეს თბილისში, თბილ. გუბერნიასა და ამიერკავკ. რკინიგზაზე. შემოტევას აჯანყებულები სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდნენ; ცენტრ. საგაფიცვო კომიტეტმა უარი თქვა განჯიდან რევოლუციურად განწყობილი ჯარის ნაწილების გამოწვევაზე და 150 შეიარაღებული წითელი რაზმელი დას. საქართველოში დააბრუნა. ხელისუფლების ჯარმა 15 დეკ. ალყა შემოარტყა თბილ. სადგურს და უბრძოლველად დაიკავა იგი. ასევე აიღეს სადგ. ნავთლუღიც. ცენტრ. საგაფიცვო კომიტეტი ანდრიას (ახლანდ. თევდორე მღვდლის) ქუჩიდან ნაძალადევში გადავიდა, რ-იც მთლიანად აჯანყებულთა ხელში იყო. 18 დეკ. კაზაკები და "პატრიოტული საზოგადოების" წევრები თავს დაესხნენ ნაძალადევს, ბრძოლაში მუშები დამარცხდნენ. შეტაკების დროს დაიღუპნენ რევოლუციონერი მუშები: გ. ელიავა, ვ. თვარაძე, მ. კალაძე, ტ. ლაზიშვილი, გ. ჯაში, პეტრე (იასე) ცინცაძე, ი. ნინიძე, ვ. ხუცურაშვილი, ვ. თავაძე, გ. დვალი და სხვ. 23 დეკ. მთავრობის ჯარები თავს დაესხა დიდუბეში გამაგრებულ მუშათა შეიარაღებულ რაზმებს. მუშები წინააღმდეგობას უწევდნენ და ისროდნენ სახლის სახურავებიდან, სარდაფებიდან, ფანჯრებიდან, მრავლად იყო მოკლული და დაჭრილი, განსაკუთრებით კაზაკების მხრიდან. ცალკეული შეტაკებანი კაზაკებთან, ჯარის ნაწილებსა და პოლიციასთან არ შეწყვეტილა დეკ. ბოლომდე. შეიარაღებული ბრძოლები გაიმართა აგრეთვე ჭიათურაში, ბორჯომში, შორაპანში, ტყიბულში და სხვ. აჯანყებულები იბრძოდნენ გორის, დუშეთის, თელავის, სენაკის, შორაპნის, რაჭისა და სხვ. მაზრებში. უაღრესად მწვავე ხასიათი მიიღო გურიის გლეხთა აჯანყებამ. მთავრობამ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ შეძლო აჯანყების ლიკვიდაცია. აჯანყებული გლეხობა ებრძოდა მეფის ჯარს, პოლიციელებსა და შავრაზმელებს. გლეხთა რევ. კომიტეტები გადაიქცნენ რევ. ხელისუფლების ორგანოებად (იხ. გლეხთა კომიტეტები ). ისე როგორც მთელ რუსეთში, კონტრრევოლუციამ საბოლოოდ საქართველოშიც გაიმარჯვა. დაიწყო რეპრესიები რევოლუციონერთა წინააღმდეგ. 1906 ამიერკავკ. რკინიგზიდან დაითხოვეს 2700 მუშა, თბილ. მთ. სახელოსნოებიდან – 680-მდე კაცი, დააპატიმრეს 300-ზე მეტი რევოლუციონერი. მიუხედავად მარცხისა, ბრძოლები ერთხანს გრძელდებოდა. ლიტ .: კ ა ჭ ა რ ა ვ ა ი., პირველი სახალხო რევოლუცია საქართველოში, თბ., 1975; მ ა ხ ა რ ა ძ ე ფ., 1905 წელი ამიერკავკასიაში, გამოც. მე-2, ტფ., 1932; ხ ა ჭ ა პ უ რ ი ძ ე გ., 1905–1907 წლების რევოლუცია საქართველოში, თბ., 1955; ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი ი., 1905– 1907 წლების რევოლუცია საქართველოში, თბ., 1955. ი. კაჭარავა.