დეკლარაცია და ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ 1922

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოკუმენტები, რომლებითაც იურიდიულად გაფორმდა 1917 წ. 25 ოქტომბრის (7 ნოემბ.) ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ რუსეთის ყოფილი იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილი გასაბჭოებული რესპუბლიკების გაერთიანება და ახ. იმპერიის – საბჭოთა კავშირის – დაარსება. საქართველო ამ გაერთიანებაში შევიდა არა როგორც ცალკე სუბიექტი (მოკავშირე რესპუბლიკა), არამედ როგორც ამიერკავკ. ფედერაციის წევრი სახელმწიფო (მოკავშირე რესპ. სტატუსი საქართველომ მიიღო ამიერკავკ. ფედერაციის დაშლის შემდეგ, 1936). დეკლარაციით გამოცხადდა და ხელშეკრულებით განმტკიცდა, რომ ერთ საკავშ. სახელმწიფოდ – საბჭ. სოციალ. რესპუბლიკების კავშირად – გაერთიანდა 4 მოკავშირე რესპუბლიკა: რსფსრ, უკრ. სსრ, ბელორ. სსრ და ამიერკავკ. სფსრ (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი). დეკლარაციისა და ხელშეკრულების პროექტები 1922 წ. 29 დეკ. განიხილა და მიიღო რსფსრ, უკრ. სსრ, ბელორ. სსრ და ამიერკავკ. სფსრ "სრულუფლებიანი დელეგაციების" კონფერენციამ, 30 დეკ. კი დაამტკიცა სსრკ საბჭოების I-მა ყრილობამ. დეკლარაციამ და ხელშეკრულებამ (მნიშვნელოვნად გაფართოებული სახით) შეადგინა სსრკ პირველი კონსტიტუცია. დეკლარაციისა და ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 1991 წ. დეკემბერში, როდესაც სსრ კავშირში შემავალი რესპუბლიკების ძალისხმევით მოხდა ხელშეკრულების დენონსაცია და სსრკ-ის ლიკვიდაცია. ბელორ. სსრ-ის, რსფსრ- ისა და უკრ. სსრ-ის ხელმძღვანელებმა 1991 წ. 8 დეკ. ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებებს, რითაც დაადასტურეს სსრკის დაშლა და განაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ. შეთანხმებას დსთ-ის შექმნის შესახებ 1991 წ. 21 დეკ. შეუერთდნენ აზერბაიჯანი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზე- თი (მოგვიანებით დსთ-ს საქართველოც შეუერთდა). 1991 წ. 25 დეკ. სსრ კავშირმა, როგორც საერ- თაშორისო სამართლის სუბიექტმა, შეწყვიტა თავისი არსებობა. საბჭ. იმპერიის დაშლის შედეგად საქართველომ, ისევე როგორც სხვა ყოფ. მოკავშირე რესპუბლიკებმა, მიიღო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი (საქართვ. კონსტ., მ. 1, მ. 2, პუნქტი 1).

წყარო : დეკლარაცია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ; ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ, წგ.: ს ტ ა ლ ი ნ ი ი. ბ., თხზ., ტ. 5, თბ., 1949, გვ. 432–441 (დანართი # 1–2). ი. ფუტკარაძე.