დეკორატიული მებაღეობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისი. ვერის ბაღი. ორნამენტული ყვავილნარი (გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩუქურთმის მიხედვით). 1975. ავტორი შ. ისაკაძე.

მემცენარეობის დარგი, რომლის მიზანია ადამიანის ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მოიცავს როგორც დეკორ. მცენარეთა ნერგებისა და ჩითილების გამოყვანას სპეციალიზებულ მეურნეობებსა და გამწვანების სამსახურში, ასევე სამეცნ.-კვლ. მუშაობას ბოტან. და დენდროლოგიურ ბაღებ- ში. დ. მ-ს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის ჩაისახა შორეულ წარსულში და გააერთიანა ისეთი დარგები, როგორიცაა: მებაღეობა, მეხილეობა, მეყვავილეობა, მეტყევეობა, მიწათმოქმედება, ბაღპარკების ხელოვნება და სასათბურე მეურნეობა . მასვე დაუკავ- შირდა მონათესავე მეცნიერებები და ხელოვნ. დარგები, კერძოდ, ბოტანიკა , ზოგადი ბიოლოგია, დენდროლოგია , გეოდეზია , ქალაქებისა და სხვა დასახლ. ადგილების გამწვანება, ლანდშაფტური მებაღეობა და არქიტექტურა, პარკმშენებლობა, მწვანე მშენებლობა, ეკოლოგია , ფიტოდიზაინი და სხვ. ისტ. და ლიტ. წყაროები მოწმობენ, რომ ადრინდ. საუკუნეებში მებაღეობას გამოყენებითი დანიშნულება ჰქონდა. ცხოვრების საჭიროებით შეიქმნა ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ბაღჩა, სამკურნ. მცენარეების ბაღი, ქარსაფარი ზოლი და სხვ. მოგვიანებით სას.-სამ. მცენარეულობა უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა ადამიანის მოთხოვნილებებსა და ეს- თეტ. თვალსაზრისით აუცილებელი გახდა დამატებითი დეკორატიული ელემენტების მიღება ხე-ბუჩქებისა და ყვავილების ახალი ჯიშების გამოყვანით. საქართველოში, როგორც სამხრეთის ქვეყანაში, მზის მცხუნვარე სხივებისაგან დასაცავად პრაქტ. დანიშნულების მცენარეებთან ერ- თად ხალხი ფართოვარჯიან და ჩრდილის მომცემ მცენარეებსაც რგავდა. საამისოდ იყენებდნენ ველური ბუნების სხვადასხვა ფორმას და ხელოვნურად გამოყვანილ მცენარეებს. ადრეულ საუკუნეებში დ. მ-ისა და გამწვანების ნიშანდობლივი მხარე იყო სწორხაზოვნება, სიმეტრიულობა, რასაც ექვემდებარებოდა ხუროთმოძღვრული ფორმებით და დეკორატიულ მცენარეთა განლაგებით გაშენებული გზაბილიკები და მოედნები. მოგვიანებით სამეურნ. ნაკვეთებს ფუნქციური თვალსაზრისით გარკვეული პრაქტ. დანიშნულებაც დაეკისრა, ხოლო გამწვანების უბნებმა სპეც. სახელწოდებები მიიღო: "მტილ-სამოთხე", "წალკოტი", "სამოთხე", "სავარდე", "ედემი", "სამოთხეველი" და სხვ. IV ს-ში მეფე მირიანს მცხეთაში შესანიშნავი დეკორ. ბაღი ჰქონია, სახელად "სამოთხე სამეუფო", რ-ის ძირითადი ნაწილი ყვავილნარს ეკავა, მათ შორის გამოირჩეოდა სავარდეები. ვარდებს შორის კი ყურადღებას იქცევდა წითელი ვარდი – "ვარდ-მეწამულა". შუა საუკუნეების დ. მ-ის ნიმუშებს, საეკლ. და სამონასტრო ბაღებს, სამკურნ. მცენარეთა "მტილ-სამოთხეებსა" და საკარმიდამო ნაკვეთებს ჩვენამდე არ მოუღწევია. XVII ს. პოეტი ფეშანგი ფაშვიბერტყაძე "შაჰნავაზიანში" აღწერს ვახტანგ V-ის სასახლესთან გაშენებულ დეკორ. ბაღს. საყურადღებოა აგრეთვე ვახტანგ VI-ის სავარდე, რ-საც, ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ველური ყვავილებიც ამშვენებდა. XVIII ს-ში თბილ. გარეუბანში ყვავილნარი ჰქონია ერეკლე II-ის ასულს – თეკლე ბატონიშვილს. საქართველოში პირველი საზ. ბაღი – საქალაქო ბაღი გაშენდა 1821–58 ქუთაისში. მოგვიანებით ასეთივე ბაღი გაშენდა თბილის- შიც – სოლოლაკში, კათოლიკეთა ბაღის სახელწოდებით. XIX ს. შუა წლებში თბილისში საყოველთაო აღიარება მოიპოვა ორთაჭალის ბაღებმა. იქ ისვენებდნენ და ერთობოდნენ ქალაქის მცხოვრებნი. ამავე საუკუნის II ნახევარში თბილ. გარეუბანს ამშვენებდა პოეტი ქალის მართა სოლოღაშვილის დეკორ. ბაღი. მოგვიანებით თბილისს შეემატა ალექსანდრეს (ახლანდ. 9 აპრილის და გ. ლეონიძის სახ.) და მუშთაიდის ბაღები. 1917 საქართველოში დ. მ-ისა და საბაღე-საპარკე ხელოვნ. 20- მდე ძეგლი იყო ცნობილი, კერ- ძოდ, წინანდლის, ზუგდიდის, გორაბერეჟოულის, გორდის, დიდი ჯიხაიშის, ლიკანის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმისა და სხვ. 1921-მდე თბილისში იყო 2 პარკი (ბოტანიკური და მეფისნაცვლის), 2 საზ. ბაღი (ალექსანდრესი და მუშთაიდის), 6 სკვერი (ოპერის, ვერის, პუშკინის, ნაძალადევის, ავლაბრის, ორთაჭალის), 1 მერქნიან მცენარეთა დიღმის სანერგე (სასათბურო მეურნეობითურთ) და კერძო ბაღები. 1930 დიღომში 200 ჰა -ზე მოეწყო დ. მ-ის სანერგე, რ-მაც საფუძველი დაუდო დედაქალაქის ქუჩა-მოედნების გამწვანებას და მოსახლ. უზრუნველყო აჭრილი ყვავილებითა და ქოთნის კულტურებით. 90-იან წლებში ქვეყანაში იყო დ. მ-ის 700-მდე უბანი, ხოლო თბილისში 400-მდე, მ. შ. 6 საქალაქო, 7 რაიონული, 5 სპეციალიზებული პარკი, 21 ბაღი, 320 სკვერი, 3 ხეივანი, 2 საქალაქო დასასვენებელი ზონა და მწვანე მასივი. საქართველოში დ. მ-ისა და გამწვანების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით: ნ.კეცხოველს, ვ.გულისაშვილს, ლ.ყანჩაველს, მ.მამულაშვილს, ვ. ბეჟანიშვილს, ა. კერესელიძეს, ა. მიქელაძეს, ი. ხმალაძეს, ს. კვახა- ძეს, ა. ფხაკაძეს, გ. ჟორდანიას, ი. ნაკაშიძესა და სხვ. საქართვ. დ. მ-ის სანერგე-სასათბურო მეურნეობებში გამოჰყავთ მაღალხარისხოვანი დეკორ. ფ ო თ ლ ო ვ ა ნ ი მცენარეები: ნეკერჩხალი, იფანი, ჭადარი, ცაცხვი, ცხენის წაბლი, ვერხვი, ძეწნა, მტირალი ტირიფი, სოფორა, კაკალი, აკაკი; წ ი წ ვ ი ა ნ ე ბ ი: ჰიმალაის კედარი, ელდარის ფიჭვი, ტუია, კვიპაროზი; ბ უ ჩ ქ ე ბ ი: კვიდო, მაჰონია, იაპონური კომში, ცხრატყავა, ჟასმინი, კურდღლის ცოცხა, სპირეა, ჭანჭყატი, ბროწეული, თრიმლი, ხეტუხტი, წყავი. თბილ. დ. მ-ისა და გამწვანების უბნებში გვხვდება უცხ. წარმოშობის, მაგრამ ადგილ. პირობებთან კარგად შეგუებული ხ ე - ბ უ ჩ - ქ ე ბ ი: მჩხვლეტავი ნაძვი, ირმის რქა, ლუზიტანური კვიპაროზი, ესპანური და ევროპული სოჭი, ჰიმალაის ფიჭვი, ჩვეულებრივი უთხოვარი, იაპონური კრიპტომერია, მშვენიერი იუკა, იაპონური კვიდო, სოფორა, მსხვილყვავილა მაგნოლია, მაცუდას ტირიფი, საპნის ხე, ევკომია, იაპონური აუკუბა და სხვ. მძლავრი სანერგე მეურნეობებია თბილისში (ნატახტარი), გორში (კარალეთი), ბათუმში (ბობოყვათი), სასათბურე მეურნეობები კი – თბილისის, მწვანე კონცხის დენდროპარკის, კრწანისის გამწვანების სამსახურის სახით, სადაც წელიწადში რამდენიმე ათასი დეკორ. ხე-ბუჩქი და ჩითილი გამოჰყავთ. შ. ისაკაძე.