დელისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლომის ქანდაკება. ბრინჯაო. I ს. დელისი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

თბილისის ერთ- ერთი ახალი უბანი მის ჩრდ.-დას. ნაწილში. თავდაპირველი სახელი იყო "გდელისი". ეს ტოპონიმი დადასტურებულია XVIII ს. მოღვაწის იესე ოსეს ძის (ბარათაშვილის) თხზულებასა და ვახუშტი ბატონიშვილის "პეტერბურგულ ატლასში" (1745), სადაც # 10 რუკაზე დატანილია მდ. ვერის მარცხ. მხარეს და მოიცავს ტერიტ. მოზრდილ ნაწილს. სიტყვა "გდელისი" ორი ცნებისაგან შედგება – "გდელი" და "ლისი". გდელი ძვ. ქართულში გრძელის შესატყვისად იხმარებოდა, ხოლო ლისი დაჭაობებულ ფართობს ეწოდებოდა. გდელისის თავდაპირველი სახელწოდება "გდელი ლისი" უნდა ყოფილიყო. შემდგომში ორი ერთნაირი მარცვლიდან ერთერთი დაიკარგა და მივიღეთ გდელისი. გდელისი ცოცხალი ტოპონიმია XIX ს-ში და XX ს. დასაწყისში (ხუთვერსიანი რუკა, დ. დ. პაგირევი). XIX ს. ბოლოს მდ. ვერის ხეობის ნაწილში და ლისის ტბის მიდამოებში გაჩნდა აზერბ. (თურქულენოვანი) მოსახლეობა. სავარაუდოა, რომ ამ მოსახლ. ენობრივი თავისებურებების გამო სიტყვაში "გდელისი" დაიკარგა თავკიდური ბგერა "გ" და მივიღეთ ტოპონიმი "დ." დ-ის ტერიტორიაზე დადასტურებულია ენეოლითური ხანის (ძვ. წ. V ათასწლ. II ნახ. – IV ათასწლ. დასაწყ.) ადრინდ. სამიწათმოქმედო კულტურის არქეოლ. ძეგლი. გათხრები მიმდინარეობდა 1972, 1976–78 (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი). გამოვლენილია ოთხკუთხა და წრიული ნაგებობანი. აღმოჩენილია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები, ბაზალტის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ირმის რქის ნაწილი. ძეგლის მასალას საერთო აქვს, ერთი მხრით, ქვემო ქართლისა და აზერბ. ტერიტორიაზე გავრცელებულ ე. წ. შულავერ-შომუთეფეს კულტურასთან, ხოლო, მეორე მხრით – ზემო იმერეთის თანადროულ ძეგლებთან. კერამიკის მცირე ნაწილი კი მტკვარ-არაქსის არქეოლ. კულტ. იერს ატარებს. ეს საინტერესოა როგორც მტკვარ-არაქსის კულტ. თავდაპირველი კერის დასადგენად, ისე მტკვარ-არაქსისა და ადრესამიწათმოქმედო კულტურათა ურთიერთმონაცვლეობის საკითხის გასარკვევად. დ-ის მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მეთუნეობას, ქვის წარმოებას, მესაქონლეობას. ოსტეოლოგიური მასალის მიხედვით, ძირითადად მოშენებული ჰყოლიათ მსხვილფეხა საქონელი, აგრეთვე ღორი, ცხვარი და თხა. აქ აღმოჩენილი სპილენძ-ბრინჯაოს ნივთები ადგილ. წარმოებისაა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თბილისი და მისი მიმდებარე რეგიონი ბრინჯაოს დამზადების ერთ-ერთი უძველესი კერა ყოფილა.

ლიტ .: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., დელისის ნასახლარი, წგ.: თბილისი. არქეოლოგიური ძეგლები, I, თბ., 1978; მ ე გ რ ე ლ ა ძ ე დ., თბილისის ტოპონიმიკიდან (დელისი), კრ.: ვახუშტი ბაგრატიონი – ისტორიკოსი და ეთნოგრაფოსი– 300, თბ., 1997. რ. აბრამიშვილი. დ. მეგრელაძე.