დენიკინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ ივანეს ძე (16. XII. 1872, ვარშავის მახლობლად, – 8. VIII. 1947, ანარბორი, მიჩიგანის შტატი, აშშ), რუსეთის იმპერიის არმიის გენ.-ლეიტენანტი (1916). რუს. სამოქალაქო ომის (1918–20) დროს თეთრი მოძრაობის ერთერთი მთავარი ხელმძღვანელი, მონარქისტი. დაამთავრა კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1892), გენშტაბის აკადემია (1899). I მსოფლიო ომის (1914– 18) დროს მეთაურობდა ბრიგადას, დივიზიას, მე-8 საარმიო კორპუსს, 1917 აპრ.-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ – დას. და სამხრ.-დას. ფრონტების სარდალი. 1917 დამლევს ლ. კორნილოვთან ერთად მონაწილეობდა მოხალისეთა არმიის შექმნაში, რ-საც 1918 აპრ-იდან თვითონ ჩაუდგა სათავეში. 1918 შემოდგომაზე გახდა "სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების" მთავარსარდალი და რუს. უმაღლესი მმართველის ადმ. ა. კოლჩაკის მოადგილე. დ. იცავდა "მთლიანი და განუყოფელი" რუსეთის პრინციპებს და არ ცნობდა ცარიზმის დამხობის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მ. შ. საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა მთელ სამხ. ქონებაზე, რ-იც ომის დროს ამიერკავკასიაში დაგროვდა. მოითხოვდა დაუყოვნებლივ გადაეცათ რუსეთისთვის თვით აფხაზეთი. ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს აფხ. რეაქციულმა წრეებმა და "აფხაზი ხალხის სახელით" დ-ს მიმართეს აფხაზეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე. ამ საკითხებზე 1918 სექტემბერში საქართვ. მთავრობასა და დ-ის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკება. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ბრიტანეთის მთავრობამ, რ-ის აზრით, ამ მომენტში საქართველოსა და დ-ის წაკიდება ზიანის მეტს არაფერს მოიტანდა, სადემარკაციო ხაზი დააწესა. დ-ის სამხ. დასაყრდენი ამიერკავკასიაში ე. წ. "რუსთა ეროვნული საბჭო" იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დ-მა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა. დ-ის დამარცხების შემდეგ (1920) მოხალისეთა არმიის ცალკეული ნაწილები საქართველოზე გავლით ყირიმში გადაიყვანეს, თავად კი საზღვარგარეთ წავიდა. დ-ს ეკუთვნის სამოქალაქო ომზე დაწერილი მემუარები. შ .ცირეკიძე.