დეხვირის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციხესიმაგრე ლეჩხუმში, სოფ. დეხვირის მახლობლად (ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი). წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს. II ნახევარში. ციხე იდგა მდინარე ცხენისწყლისა და ლაჯანურის წყალგამყოფ ქედზე და კონტროლს უწევდა ამ მდინარეთა ხეობების მნიშვნელოვან ნაწილს. XVI–XVIII სს-ში დ. ც. ლეჩხუმთან ერთად იმერეთის სამეფოში შედიოდა და იმერე- თის მეფეებს ეკუთვნოდა. XVIII ს-ში ლეჩხუმი და დ. ც. სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შევიდა. 1802 იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დ. ც. დაიკავა და შიგ 17 მეციხოვნე ჩააყენა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ იგი რუს. ხელისუფლებამ სამეგრელოს მთავარს დაუბრუნა. ამჟამად ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მისი გეგმა დას. საქართვ. სხვა მნიშვნელოვან ციხეებთან ერთად აღნიშნულია დას. საქართვ. რუკაზე (1737). გეგმის მიხედვით, იგი ორი სხვადასხვა ზომის ერთმანე- თისაგან დაშორებული რამდენიმესართულიანი კოშკისაგან შედგებოდა და შემოსაზღვრული იყო მაღალი გალავნით. დ. ც-ს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) დას. საქართვ. ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანის ერთ-ერთი მხარის თაკვერის თავად (ცენტრად) მიიჩნევდა. ამიტომ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, დ. ც. შუა ფეოდ. ხანით შეიძლება დათარიღდეს. თ. ბერაძე.