დვალეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე საქართველოში (ამჟამად ჩრდ. ოსეთშია). 1859 ცარიზმმა დ. თბილ. გუბერნიას ჩამოაჭრა და თერგის ოლქს გადასცა. დ., როგორც საქართვ. უკიდურესი ჩრდ. მოსაზღვრე მხარე, დანარჩენ საქართველოსთან ბუნებრივ-გეოგრაფიულად ორგანულად იყო დაკავშირებული 11 გადასასვლელით და მათ შორის მიმოსვლა (შიდა ქართლისა და რაჭის გავლით) ზამთარშიც კი არ წყდებოდა. შიდა ქართლიდან დ-ში (დვალთგორაზე) მთავარი გადასასვლელი იყო ზეკარა, ჩრდ. კავკასიას კი დ. უკავშირდებოდა მხოლოდ ერთი გადასასვლელით – კასრის კარით, რ-იც მხოლოდ ზაფხულის პერიოდში (სამ-ოთხ თვეს) ფუნქციონირებდა. ჩრდ. კავკასიიდან კასრის კარით საქართველოში შემოსასვლელ გზას ქართ. წყაროებში "გზა დვალეთისა" ეწოდებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, დ. წარმოადგენდა ექვსი ხევის – თემის (კასრისხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა) ერთობლიობას. დღევანდელი ნომენკლატურით დ. მოიცავს ჩრდ. ოსეთის მდინარეების – არდონის, ფიაგდონისა და გიზელდონის – აუზების ზემო ნაწილებს. შეცდომით დ-ს მიათვლიან მდ. თერგის სათავეს – თრუსოსა და მდ. დიდი ლიახვის სათავეს – მაღრან-დვალეთს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ამ ორ პროვინციაშიც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში მოხდა დვალების მიგრაცია. თრუსო ისტ. წანარეთის ერთი ნაწილია. ისევე როგორც შიდა ქართლის მთიანეთის სხვა ხეობებში, დ-შიც ქრისტიანობა ადრიდანვე (VI ს-იდან) გავრცელდა და ნიქოზის ეპარქიაში (სამწყსოში) შედიოდა. ერთიანი საქართვ. სამეფოს დაშლის შემდეგ ქართვ. ხელის უფალთა გავლენა დ-ზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდ. კავკასიის მთიან ხეობებში ჩაკეტილმა ოსებმა და დ-ზე ხშირი თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილ. ქართვ. მოსახლეობა – დვალები – მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართვ. სხვადასხვა პროვინციაში განსახლებულიყვნენ. ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დ-ში ძირითადად XVI ს-ში განხორციელდა; ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნ. სამყაროს გავლენით გაოსდა. ერთიანი საქართვ. სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.) დ. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. დ-ს, ჩვეულებრივ, როგორც სამეფო ქვეყანას, სამეფო კარის მიერ დანიშნული მოურავები განაგებდნენ. მაგ., XVII ს. დასაწყისში დ-ის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რ-იც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურავობასთან ათავსებდა. მოგვიანებით დ-ის ზოგიერთი ხევი რაჭის ერისთავთა გამგებლობაში გადასულა. XVIII ს. ბოლოს მხოლოდ ზახა და ნარა იყო ქართლ-კახეთის მეფეთა გამგებლობაში, მაღლა დვალეთი, ჟღელე (იოანე ბაგრატიონის მიხედვით – "ჯღერე"), ლესრე, თებე, ლეთა, კასარა და სხვა პატარა სოფლები რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ვარაუდობენ, რომ დ-ში დასახლებული ოსები ქართლის სამეფო კარის მორჩილებაზე ხანდახან უარს ამბობდნენ, მაგრამ ქართვ. მეფეები მაინც ახერხებდნენ მათ დამორჩილებას. მაგ., დ-ში განსახლებული ოსების წინააღმდეგ ძალა გამოუყენებია მეფე ვახტანგ VI-ს. მან 1711 ჯართან ერთად შემოიარა ეს კუთხე: "ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის ხევი და გადმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდან ქართლს გამარჯვებული" (ვახუშტი). ოს ისტორიკოსებს აქვთ ტენდენცია და სურვილი დ-ად მიიჩნიონ საბჭ. პერიოდის ე. წ. სამხრ. ოსეთის ტერიტორია, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი ლიახვის უკიდურეს სათავეში არსებობდა მხოლოდ მაღრანდვალეთის რეგიონი (თემი), რ-იც მთის ცხრა სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა. იგი შეიქმნა შედარებით გვიან (X–XI სს. შემდეგ) დ-იდან დვალების გადმოსახლების შედეგად. დ-იდან გამოსულ ქართვ. მოღვაწეთაგან ცნობილი არიან XI ს. სას. პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი. დ-ში ქართ. მატერ. კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რ-თაგან მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. კასრის კარი იყო "კლდისაგან და ქვიტკირით ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თUნიერ მათსა ოვსნი"; ზრამაგაში იყო "ციხე დიდი, ფრიად მაგარი, იტყვიან აღშენებულსა თამარ მეფისაგან, და დაბა კოშკოვანი" (ვახუშტი). ვახუშტი ზახაში ეკლესიის არსებობაზე მიუთითებდა. დ . წარსულში, ისევე როგორც საქართვ. მთის სხვა პროვინციები, კოშკებით იყო დაფარული.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი, საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1997; ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი, ქართლ-კახეთის აღწერა, თ. ენუქიძის და გ. ბედოშვილის გამოც., თბ., 1986.

ლიტ .: თ ო ფ ჩ ი შ ვ ი ლ ი რ., საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, თბ., 1998 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 12). რ. თოფჩიშვილი.