დვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ტახტისძირი). ზ. დ. 750 , ქარელიდან 18 კმ . 1,0 ათ. მცხ. (2002). სოფელმა მისცა სახელი მდ. აღმოსავლეთის ფრონის ქვემო დინებას, რ-საც ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით დვანისწყალი ეწოდება. სოფელში გაითხარა ძვ. წ. VII–VI სს. ნეკროპოლი, სადაც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი არქეოლ. მასალა. რამდენადაც VII ს. სომხ. გეოგრაფია ფრონეებს იცნობს „დვანის ველის" სახელწოდებით, ამდენად ადრინდ. ფეოდ. ხანაში დ. ფრონისპირეთის ცენტრი იყო. სოფლის ჩრდ.-დას-ით, კონუსისებრ მთაზე, დგას VI ს. III მეოთხედის მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესია – „წმ. გიორგი კვართისა". ხალხი მას „კოხი ჯვარსაც" უწოდებს. აქ იმართებოდა რიტუალური დღესასწაული – ხატობა, ე. წ. „კვართობა". საუკუნეთა მანძილზე, მტერთაგან დაცვის მიზნით, მის ირგვლივ შენდებოდა (ძირითადად რიყის ქვით) სასიმაგრო ნაგებობები და დროთა განმავლობაში მან ციხესიმაგრის სახე მიიღო. ეკლესია ნაგებია ღია მომწვანო-მორუხო ფერის, სადად გათლილი და სწორად ნაწყობი ნატეხი ქვიშაქვით; კომპოზიციურად ცენტრალურგუმბათოვანი, „ჩახაზული ჯვრის" ტიპის ნაგებობაა. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვრის გამოსახულება, რ-იც მოქცეულია კედლებით შექმნილ წაგრძელებულ მართკუთხედში, ხოლო გარედან მკაფიოდ არის გამოვლენილი გუმბათის ყელის გარშემო განლაგებული ჯვრის ოთხივე მკლავის ფასადების დამაგვირგვინებელი ფრონტონებისა და ორფერდა სახურავების მეშვეობით. გუმბათის ყელის გარშემო მკაფიოდ არის გამოსახული ჯვრის ფორმა. ნაგებობას სამხრიდან ეგვტერი აქვს, აქედანვეა მოწყობილი მთავარი შესასვლელი, მეორე შესასვლელი დასიდან – ნართექსიდანაა. აღმ-ით საკურთხევლის ღრმა აფსიდია, რ-იც უშუალოდაა დაკავშირებული გუმბათქვეშა სივრცესთან, ამიტომ შენობის ინტერიერში, რ-შიც გარკვევითაა გამჟღავნებული სიგრძივი (აღმ-იდან დასით) ღერძი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნართექსს, რ-იც აწონასწორებს მთელ შიგა სივრცეს და ხაზს უსვამს გუმბათის, როგორც კომპოზ. ცენტრის, მნიშვნელობას. ინტერიერში კამარას, თაღებსა და ტრომპის თაღებს ნალისებრი ფორმა აქვს. დაბალი გუმბათის ყელი უშუალოდ ნაგებობის კედელს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის სფეროზე გადასვლა ხდება ორ საფეხურად. პირველ საფეხურზე 4 ტრომპის მეშვეობით მიღებულია არაწესიერი რვაწახნაგა, ხოლო მეორე საფეხურზე – ჰორიზონტალურად და განივად ნაწყობი ქვებით და მცირე ტრომპებით–თექვსმეტწახნაგა, რ-საც აგვირგვინებს ნახევარსფერული გუმბათი. სარკმელი ორია, ერთი სამხრ. ფასადზეა. აღმ. ფასადის სარკმლის ნალისებრი მოხაზულობის ზემო ნაწილი გამოყვანილია სუფთად გათლილი ქვებით. მთელი კედლის სისქეში ჩადგმულია მუქი წითელი ფერის ვიწრო ჩამკეტი ქვა. ძეგლმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. ტაძარი მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რ-თა შემდგომმა განვითარებამ ნიადაგი მოამზადა VII ს. მეორე მესამედში უფრო რთული კომპოზ. ჩანაფიქრის განხორციელებისათვის ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის ტიპი, რ-შიც გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რ-ის თანახმად ეკლესია VIII ს. მიეკუთვნება (ნ. განგიური).

ლიტ .: გ ა ნ გ ი უ რ ი ნ., კუპელჰალე, თბ., 2005; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990; Ч у б и н а ш в и л и Н. Г., Двани. Храмы Грузии типа "ჩროიხ Lიბრე" и "вписанного в прямоугольник креста" в VI и VII вв., წგ.: Средневековое искусство – Русь, Грузия, М., 1978. ჯ. გვასალია. შ. საღარაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დვანი&oldid=4049-დან“