დიაკონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. diakonos – მსახური), მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მესამე და ყველაზე დაბალი ხარისხი. დ-ის ძირითადი მოვალეობაა წირვის დროს ეპისკოპოსისა და მღვდლების თანამსახურება. პირველი დ-ების ხელდასხმა თვით მოციქულებმა აღასრულეს, რაც აღწერილია „ახალ აღთქმაში" („საქმე მოციქულთა", თავი VI). ცნობილია პირველი დ-ების სახელები: სტეფანე, ფილიპე, პროხორონ, ნიკანორ, ტიმონა, პარმენ და ნიკოლაოზ ანტიოქიელი. ადრეული ქრისტიანობის ხანაში დ. ეკლესიის სამეურნ. და საქველმოქმედო საქმიანობას უძღვებოდა. მოგვიანებით ეპარქიის მართვა- ში მღვდელმთავრის თანაშემწის ფუნქცია დაეკისრა. შავი სამღვდელოების წარმომადგენელ დ-ს იეროდიაკონი ანუ ბერდიაკონი ეწოდება. დ-ის ხარისხის საპატიო წოდებებია არქიდიაკონი და პროტოდიაკონი. დ-ები არასაღმრთისმსახურო პერიოდში ატარებენ კაბას, ანაფორასა და სკუფიას, ხოლო ღმრთისმსახურებისას – სტიქარს, სამაჯურებსა და ოლარს. დიაკონისადმი მიმართვის ფორმაა „მამაო". ვ. კობახიძე.