დიალექტიკური მატერიალიზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეცნიერება ბუნების, საზოგადოებისა და აზროვნების მოძრაობა-განვითარების უზოგადესი კანონების შესახებ, რ-იც სამყაროს შემეცნების დიალექტ. მეთოდისა და მატერიალ. თეორიის გაერთიანების მოთხოვნაზეა დაფუძნებული. მისი იდეოლოგიურ- მონოპოლისტური სულისკვეთება განსაკუთრებით ნათლად ვლინდება მარქსიზმის სოციალურ ფილოსოფიაში (იხ. ისტორიული მატერიალიზმი ). დ. მ-ის ძირითადი პრინციპები ქართ. ენაზე პირველად გამოსცა ი. სტალინმა ნაშრომში „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?" (1906–07). ოქტ. რევ. წინა პერიოდში მახიზმი და საერთოდ სუბიექტური იდეალიზმი გააკრიტიკა მ. დავითაშვილმა, რ-იც დიალექტ.- მატერიალისტურად წყვეტდა ფილოს. ძირითად საკითხს. საქართველოში მარქსისტული ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანი კრიტიკოსო იყო ქართული ანარქიზმის მამამთავარი ვ. ჩერქეზიშვილი. დ. მ-ის პრობლემების კვლევა საქართველოში ფართოდ გაიშალა XX ს. 20–30-იან წლებში. მ.გოგიბერიძემ გამოსცა წიგნები: „მატერიალიზმისა და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე" (1928), „ლენინი, როგორც ფილოსოფოსი" (1930). მისივე თაოსნობით გამოიცა ქრესტომათია „დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი (1932) და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა, ვინც კი ოფიციალურად მუშაობდა ფილოსოფიაში და სურდა თავისი კვლევის შედეგების გამოქვეყნება, ვალდებული იყო, ეღიარებინა დ. მ-ის უდავო უპირატესობა სხვა (ე. წ. ბურჟუაზიული) თეორიებთან შედარებით. გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსები, ღრმადმორწმუნე მარქსისტებისაგან თავის დასაცავად, უფრო ზუსტად, არსებობის შესანარჩუნებლად, ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად დაეახლოებინათ მარქსისტული პოზიცია დასავლეთის წამყვანი მოაზროვნეების (ჰეგელიანელები, ნეოკანტიანელები, ეგზისტენციალისტები და ფენომენოლოგიური მეთოდის სხვა წარმომადგენლები) კვლევის შედეგებთან. საზღვარგარეთის ფილოსოფიაში კარგად გათვითცნობიერებული მეცნიერები (შ. ნუცუბიძე, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ს.წერეთელი და სხვ.) ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთის ფილოსოფიაში გაჩენილი სიახლეები უკვე ასახული იყო მარქსიზმის კლასიკოსთა (კ. მარქსი, ფ. ენგელსი, ვ. ლენინი) შრომებში, რაც სათანადოდ ვერ გაიგეს ბურჟუაზიული ფილოსოფიის წარმომადგენლებმა. კამათი ორთოდოქს მარქსისტებთან ძირითადად ამ პოზიციიდან იმართებოდა. ამისთვის დაისაჯნენ ბ. რამიშვილი, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი და სხვები. საქართველოში დ. მ-ის პრობლემატიკის შესახებ გამოცემული შრომები სასურველია ამ მოვლენების გათვალისწინებით შეფასდეს. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ დ. მ-ის ღირსებას თავად დასავლეთშიც იცავდნენ (ფრანკფურტის სკოლა, ჟ. პ. სარტრი), მაგრამ არ აღიარებდნენ მის უდავო უპირატესობას და შეუმცდარობას. დ. მ-ის პრობლემათა კვლევის სფერო განსაკუთრებით გაფართოვდა საბჭოთა საქართვ. უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით თსუ-ში, დ. მ-ის კათედრების და საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოს. ინ-ტში დ. მ-ის განყ-ბის დაარსების შემდეგ. ამ პერიოდიდან იწყება დ. მ-ის ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური და კატეგორ. პრობლემების და შემეცნების თეორიის ინტენს. კვლევა. გამოქვეყნდა ნაშრომები მატერიის, სივრცის, დროის, მოძრაობის აუცილებლობისა და შემთხვევითობის, მიზეზისა და შედეგის, არსებისა და მოვლენის, სასრულისა და უსასრულოს, შესაძლებლობისა და სინამდვილის, ობიექტურისა და სუბიექტურის, ფორმისა და შინაარსის, აბსოლუტურისა და რელატიურის, თავისუფლებისა და აუცილებლობის, ზოგადისა და ერთეულის და სხვა კატეგორიების შესახებ. გამოკვლეულ იქნა შემეცნების დიალექტ. კანონზომიერება, დიალექტ. მეთოდის თავისებურებანი, დიალექტიკის, ლოგიკისა და შემეცნების თეორიის იგივეობის სხვადასხვა ასპექტი და ა. შ. კლასიკური (მექანისტური) დეტერმინიზმის კრიტიკისა და თანამედროვე ბუნებისმეცნიერების ფილოს. ანალიზის საფუძველზე შემუშავდა ალბათური მიზეზობრიობისა და აუცილებლობის ცნებები როგორც აუცილებლობისა და შემთხვევითობის დიალექტ. სინთეზის გამოხატულება. წამოყენებულ იქნა თვალსაზრისი სპეც. და უკანასკნელი ინსტანციის არსების (სუბსტანციის) განსხვავების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, გამოკვლეულია ზომის უსასრულობა, როგორც რაოდენობრივი და თვისებრივი უსასრულობის დიალექტ. ერთიანობა. შესწავლილია ობიექტურობის ცნების ონტოლოგიური სტატუსი. დამუშავებულია კატეგორიების დიალექტიკა, როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა. დ.უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით გამოკვლეულია ცნობიერებისა და არაცნობიერი ფსიქიკურის პრობლემა. დ. მ-ის, როგორც ზოგადის მეთოდოლოგიის საფუძველზე, დამუშავებულია ღირებულების, კულტურის, ფილოს. ანთროპოლოგიის, ეთიკის, ესთეტიკისა და სხვა პრობლემები. ეს მეთოდოლოგია საფუძვლად დაედო ქართვ. მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევას ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის პრობლემათა სფეროში. გამოქვეყნდა ნაშრომები ფიზ., ქიმ., მათ., ბიოლ., მედ., კიბერნ. და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფილოს. პრობლემებზე. ქართვ. მკვლევრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს დ. მ-ის ონტოლოგიური ასპექტების კვლევას. ამ საკითხებზე დაიბეჭდა რამდენიმე კრებული და მონოგრაფია (მაგ., კრებ.: "ფილოსოფიის საგნის შესახებ", რუს. ენაზე, თბ., 1973; „დიალექტიკური მატერიალიზმის ონტოლოგიური ასპექტები", თბ., 1986 და სხვ.). ონტოლოგიის პრობლემებს მიეძღვნა ცალკეული მონოგრაფიული გამოკვლევებიც.

ლიტ .: ნ ა დ ი ბ ა ი ძ ე ფ., ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XX საუკუნის საქართველოში. 1900–1921 წლები, თბ., 1980; ჭ ე ლ ი ძ ე მ., ფილოსოფიური აზრის განვითარება საბჭოთა საქართველოში, თბ., 1971; О предмете философии, под ред. С. Ш. Авалиани, Тб., 1973; Ш е р о з и я А. Е., Философская мысль в Грузии в первой четверти ХХ века, Тб., 1963. ს. ავალიანი.