დიდგორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ქედზე (თრიალეთის ქედის განშტოება), დაბა მანგლისის ჩრდ.-აღმ-ით, მდ. მტკვრის მარჯვ. შენაკადების – ვერისა და ნიჩბისისწყლის სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 1631 . აგებულია ზედა- და შუაეოცენური თიხებით, ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. კალთები დამრეცია, დანაწევრებულია ეროზიული ხეობებით. შემოსილია წიფლის ტყით. მწვერვალზე მეორეული სუბალპ. მდელოა.



დიდგორი

მთა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თრიალეთის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, სოფ. დიღმის ჩრდ.-დას-ით. სიმაღლე ზ. დ. 1275 . აგებულია ზედაეოცენური დანალექი ქანებით. კალთები საშუალოდ დახრილია და შემოსილია ფოთლოვანი ტყით. ჩრდ. კალთის ზემო ნაწილში განვითარებულია ბედლენდი. მთის წვერზე შემორ- ჩენილია წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები.


დიდგორი

სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ორბეთის თემში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე. ზ. დ. 1240 , თეთრი წყაროდან 35 კმ. 129 მცხ. (2002).


დიდგორი

სოფელი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ვაკე-საბურთალოს რ-ნი), მდ. დიღმისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში, საწკეპელას ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე. ზ. დ. 900 . 1069 მეფე ბაგრატ IV დ-ში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. ბაგრატ IV-მ მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული ლაშქარი. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონის 30-ათასიანი ლაშქარი. XVII–XVIII სს-ში დ. ლეკთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად იქცა. 1729 ქართვ. მეთოფეთა ლაშქარი დ-ის კოშკში ჩაუსაფრდა დიდგორ– გელიყარა–სამადლოს გზით ჯავახეთში გადასულ ლეკთა მარბიელ რაზმებს, უკან მობრუნებული მტერი ქართვ. მეთოფეებმა გაანადგურეს და ნადავლი დაატოვებინეს.

წყარო : ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, 4, თბ., 1955, 1973. კ. კახაძე.