დიდება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხატის, ღვთაების სადიდებელი სიმღერა-გალობა, ხშირად ასრულებენ ფერხულთან ერთად საეკლ. დღესასწაულებზე, სახ. დღეობებში (ალავერდობა, კვირიკობა, მარიამობა, თეთრი გიორგობა, იახსარობა, ლაშარობა, კოპალობა, პირქუშობა). სიმღერაგალობას ასრულებდა როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ორ-სამხმიანი გუნდი (ანტიფონურად). განსაკუთრებით დამახასიათებელია აღმ. საქართველოსათვის. დ. ერქვა აგრეთვე თეთრი გიორგის სადიდებელ ძველთაძველ, პანტომიმური ხასიათის ქალთა ფერხულს, რ-იც ხშირად ერთვოდა გუნდურ სიმღერა-გალობას. გავრცელებული რელიგ. რიტუალი იყო დ-ზე ს ი ა რ უ ლ ი. გამუდმებული გვალვის ან ავდრის დროს ფეხშიშველა ქალები კარდაკარ დადიოდნენ, „დ-ს" გალობდნენ და ამინდის ღვთაებას ლაზარეს (იხ. ლაზარობა) გვალვაში წვიმას შესთხოვდნენ, ავდარში – გამოდარებას. შეგროვილი თანხით ნაყიდ „საღვთოს" კი ელიას სწირავდნენ იმ იმედით, რომ იგი მათ თხოვნას შეისმენდა.

ლიტ .: ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1, თბ., 1972; ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960; А р а к ч и е в Д. И., Краткий очерк развития грузинской карталино-кахетинской народной песни ..., М., 1905. გ . ჩხიკვაძე. ლ. გვარამაძე.


დიდება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918– 21) ჰიმნი. მუსიკისა და ტექსტის ავტორია კ. ფოცხვერაშვილი. ჰიმნი პირველად ოფიციალურად აჟღერდა საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს (1918 წ. 26. V). ამის შემდგომ იგი ნაწილობრივ გადაამუშავა სპეც. კომისიამ და საბოლოო სახით დიდი გუნდისა და ორკესტრის მიერ შესრულდა რესპუბლიკის შექმნის წლისთავზე (1919 წ. 26. V). ოფიც. ჰიმნად „დ." გამოცხადდა სპეც. კონკურსის გარეშე. ჰიმნის მუს. ენაში (განსაკუთრებით კადანსებში) შეინიშნება ქართ. მუს. სისტემის კანონზომიერებები. 1990–2004 „დ." კვლავ დამოუკიდებელი საქართველოს რესპ. ჰიმნი იყო.

ლიტ .: ჟ ო რ დ ა ნ ი ა ი., „დიდება" – ქართული ეროვნული ჰიმნი, «სამშობლო», 1989, 26 მაისი. ი.ჟორდანია.


დიდება

სოფელი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებ- ში (დიდგორის რ-ნი), კოჯრის ქედზე. ზ. დ. 1150 .