დიდებული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზნაურთა უმაღლესი ფენის წარმომადგენელი ფეოდალური ხანის საქართველოში. დ. წარმოიშვა ცნება „დიდებისაგან". „დიდება" ერქვა მეფის მიერ აზნაურისათვის დიდი სახელოსა (თანამდებობა) და ამ სახელოსათვის შესაფერისი ყმა-მამულის ბოძებას. არის მოსაზრება, რომ დიდება არ იყო თანამდებობა, იგი გულისხმობდა ფეოდალის განდიდება-გაძლიერებას (ნ. შოშიაშვილი). შესაძლებელი იყო ამ დიდების როგორც მინიჭება, ისე ჩამორთმევა. დიდებამინიჭებულ აზნაურს თავდაპირველად „დიდებული აზნაური" ეწოდებოდა, საბოლოოდ კი – მხოლოდ „დიდებული". დ. იმთავითვე ცდილობდა მისთვის მინიჭებული დიდება-დიდმოხელეობა სათანადო ყმა-მამულითურთ სამემკვიდრეოდ ექცია. XI ს. ბოლოდან და განსაკუთრებით XII ს-ში აშკარად შეიმჩნევა „დიდების" ცალკეულ საგვარეულოებზე დამკვიდრება. XI–XIII სს. საქართველოში დიდებულთა ცნობილი საგვარეულოებია კალმახელი, ჯაყელები, სურამელები, ვარდანისძენი, კახაბერისძენი და სხვ. ამ საგვარეულოთა წარმომადგენლები დიდმოხელეობას ფლობდნენ თაობიდან თაობამდე. მაგ., ქართლის ერისთავთერისთაობა XII ს. II ნახევრიდან XIII ს. ბოლომდე სურამელების ხელში იყო, რაჭა-არგვეთ-თაკვერის ერისთავთერისთავობა XI ს. დასაწყისიდან XIII ს. 80-იან წლებამდე კახაბერისძეებს ეპყრათ, სამცხის ერისთავთერისთავად და სპასალარად XI–XIII სს-ში ჯაყელთა სახლის წევრები ჩანან. ზოგი დ. მხარის გამგებლობასთან ერთად სამეფო კარის მოხელეც იყო, მაგ., სვანთა ერისთავი ვარდანისძე და ახალქალაქის ერისთავი კახა თორელი მეჭურჭლეთუხუცესებიც იყვნენ, ხოლო ქართლის ერისთავები, სურამელები – მსახურთუხუცესები. დ-ები მეფის სიძლიერის წინააღმდეგი იყვნენ. ისინი მთელი XI-XIII სს. მანძილზე ებრძოდნენ მეფეს სხვადასხვა ხერხით. ითვლება, რომ თამარის ხანაში დ-ებმა მიაღწიეს მეფესთან „თანადგომის და ერთნებაობის" უფლებას, ისინი მეფობის „თანაზიარნი" გახდნენ (ი. ჯავახიშვილი). გამოთქმულია საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ თამარის დროს არ მომხდარა დ-თა სასარგებლოდ მეფის ხელისუფლების შეზღუდვა (შ. მესხია). მონღოლებმა ცენტრ. ხელისუფლების დასუსტების მიზნით ხელი შეუწყვეს დ-თა პარტიკულარისტულ მისწრაფებებს. მათი შემწეობით დ-ებმა საბოლოოდ დაიმკვიდრეს მოხელეობა, ერისთავთერისთავი უკვე მთავრად იწოდებოდა. ზოგმა დ-მა მეფისაგან სრულ ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობას მიაღწია (ათაბაგი, გურიელი, დადიანი). ფეოდალთა კლასის შემადგენლობაში დ-თა უპირატესობა თვალნათლივ აისახა ბექას სამართალში, რის მიხედვითაც, დიდებული აზნაურის სისხლი 40 ათ. თეთრი ღირდა, ტაძრეული აზნაურისა - 20 ათ., ხოლო უციხო-უმონასტრო აზნაურისა - 12 ათასი. გვიანდ. შუა საუკუნეებში დ-თა საფუძველზე შეიქმნა თავადთა სოც. წოდება. ამ წოდების უფრო პრივილეგირებულ ნაწილს დიდებული თავადები შეადგენდნენ. XVII-XVIII სს. ქართლის სამეფოში დიდებულ თავადად ითვლებოდა ექვსი გაუყრელი საგვარეულოს მეთაური, რ-იც დიდ ყმამამულსა და სამოხელეო თანამდებობას ფლობდა. ესენი იყვნენ: ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, ციციშვილი, ამილახვარი, ორბელიშვილი და სომხითის მელიქის სახლის უფროსი. ვახტანგის სამართლის მიხედვით, დიდებული თავადის სისხლი შეფასებული იყო 1536 თუმნად. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ დიდებული თავადი ყველა სხვა თავადსა და აზნაურ- თან ერთად თავად-აზნაურთა წოდებაში გაერთიანდა.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (ХIII–ХVI вв.), მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მ., საქართველო XI-XII საუკუნეებში (სოციალურ-ეკონომიკური ნარკვევი), თბ., 1970; მ ე ს ხ ი ა შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6); Л о р д к и п а н и д з е М., История Грузии ХI – начала ХШ века, Тб., 1974. მ. ბერძნიშვილი.