დიდვაჭარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჭართა დაწინაურებული ფენის წარმომადგენელი განვითარებული ფეოდალიზმის ხანის საქართველოში; პირადად თავისუფალი, დიდი ქონების პატრონი ვაჭარი, რ-იც უმთავრესად სხვა ქვეყნებთან საქარავნო ვაჭრობას ეწეოდა. დ. აზნაურის პატივით სარგებლობდა. ბექა-აღბუღას სამართლით, მისი სისხლი 12 ათ. თეთრი ღირდა, ე. ი. მე-3 ხარისხის აზნაურის სისხლის ტოლფასი იყო. დ. სახელმწ. საქმეებშიც მონაწილეობდა. მეფე მას დესპანად გზავნიდა უცხო ქვეყნებში, აძლევდა პოლიტ. და დიპლ. დავალებებს, იმსახურებდა როგორც ინფორმატორს, მისი წრიდან ნიშნავდა ბჭეს (მოსამართლეს). დ. მოვალე იყო მეფისათვის ძღვენი მიერთმია. დ. იყო თბილ. მკვიდრი ზანქან (ზანქელ) ზორაბაბელი, რ-საც დარბაზმა თამარ მეფისათვის საქმროს ჩამოყვანა დაავალა. XVII–XVIII სს-ში დ. „დიდებულ ვაჭრად" იწოდებოდა. ვახტანგის სამართლის მიხედვით, ვაჭრები 4 ჯგუფად იყოფოდნენ, ამათგან პირველი ჯგუფის წარმომადგენლები – დიდებული ვაჭრები – II ხარისხის აზნაურს უტოლდებოდნენ და მათი სისხლი 96 თუმანი ღირდა. XIX ს. დასაწყისისათვის დიდებული ვაჭარი – პირველხარისხოვანი მოქალაქე – ცდილობდა „აზნაურული" უფლებების შენარჩუნებას. 60-იანი წლებიდან ბურჟ. რეფორმების გატარების შემდეგ, დიდებული ვაჭარი შეცვალა I გილდიის ვაჭარმა, რ-საც აღარ აინტერესებდა წოდებრივი პრივილეგიები. იგი ბურჟ. კლასის წარმომადგენელი იყო და, ეკონ. შეძლებიდან გამომდინარე, გარკვეული უფლებებით სარგებლობდა – აარსებდა საკრედიტო და სამრეწვ. დაწესებულებებს, აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის თვითმმართველობაში. მ. ბერძნიშვილი.