დიდი ალია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1969–72 წლებში ქართველ ებრაელთა ისრაელის სახელმწიფოში მასობრივი მიგრაციის პირობითი სახელი. ისრაელი სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს მაქსიმალური რაოდენობის ებრაელ რეპატრიანტთა მოზიდვას. ეს პრობლემა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდეც იდგა. II მსოფლიო ომის შემდეგ ებრაული იმიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი რეზერვუარი იყო საბჭოთა კავშირი. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნიდან მოსახლეობის გაშვებას, მით უმეტეს ეთნო-რელიგ. ნიშნით, რადგან ეს არღვევდა მითს "საბჭოთა ხალხების ურღვევი ერთიანობის შესახებ". გარდა ამისა, გაუხმაურებელი არგუმენტით ებრაელთა მიგრაცია იკრძალებოდა იმ მიზეზითაც, რომ თითქოს ებრაული წარმოშობის მეცნიერები და ტექნიკოსები ფლობდნენ საბჭოთა კავშირისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხ.-ტექნიკურ ინფორმაციას. ამავე დროს, დას. ქვეყნები, უპირველესად აშშ, განუწვეტლივ აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს ადამიანის უფლებათა დარღვევაში, რაც საცხოვრებლის თავისუფლად არჩევასაც გულისხმობს. საბჭოთა კავშირიდან ებრაელ- თა მასობრივი მიგრაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ XX ს. 60-იანი წლების მიწურულიდან. პირველი მოკავშირე რესპუბლიკა, საიდანაც ეს პროცესი დაიწყო, იყო საქართველოს სსრ, თუმცა ანტისემიტიზმის ნიშნები აქ არასდროს გამოვლენილა. პირიქით, ებრაელ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უპრობლემოდ შეენარჩუნებინა მამა-პაპათა რელიგია და ტრადიციები. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი სინაგოგების ნახევარი საქართველოში მდებარეობდა. სამშობლოში დაბრუნების გაძლიერებული სურვილი განაპირობა 1967 ისრაელის სახელმწიფოს გამარჯვებამ მეზობელ არაბულ ქვეყნებთან "ექვსდღიან ომში", რის შედეგადაც ებრაული დიასპორისათვის ნათელი გახდა ამ სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა. 1968 წ. 18 ქართველმა ებრაელმა, თემის პატივსაცემმა პირებმა, გაეროს გენერალურ მდივანს მიაწვდინეს წერილი, სადაც ისინი უჩიოდნენ საბჭოთა სახელმწიფოს, რ-იც ზღუდავდა სამშობლო- ში მათი დაბრუნების უფლებას. წერილი გახმაურდა. ქართველი ებრაელების ემიგრაციის საკითხი ფორმალურად საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა გადაეწყვიტა. კრემლში მიიჩნიეს, რომ ეს ნაბიჯი არ დააზარალებდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებას, რადგანაც ქართველი ებრაელები იმ დროს ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი საბჭოთა მეცნიერებაში (განსხვავებით აშკენაზი ებრაელებისაგან) და არ ფლობდნენ სამხედრო საიდუმლოებას, რ-ის გამოაშკარავებაც კრემლს ძალიან აშინებდა. ამდენად კრემლმა უფლება მისცა საქართველოს, დამოუკიდებლად გადაეწყვიტა ებრაული ემიგრაციის საკითხი. საქართველოს სსრ-ის ხელმძღვანელობაც პოზიტიურად იყო განწყობილი ამ პროცესის მიმართ. 1969–72 საქართველოდან 40 ათასამდე ებრაელი დაბრუნდა ისრაელში. ამის გამო ებრაელებისაგან თითქმის დაიცალა ისეთი ქალაქები და დაბები, როგორიცაა კულაში, სურამი, ონი, სენაკი, ცხინვალი და სხვ., სადაც ისინი მოსახლეობის საგრძნობ ნაწილს, ზოგან უმრავლესობასაც კი შეადგენდნენ. დ. ა-მ საქართველოს დემოგრაფიულ და ეკონომიკურ პოტენციალზე უარყოფითად იმოქმედა. 1959 იანვრის მოსახლეობის აღწერის თანახმად საქართველოში აღირიცხა 55,4 ათასი ებრაელი. 1970 იანვარში, როდესაც დ. ა. უკვე დაწყებული იყო, – 28,3 ათასი, ხოლო 1979 იანვარში – 24,8 ათასი. ისრაელის "დაბრუნების კანონის" თანახმად, რ-იც ებრაელობას დედით განსაზღვრავს, საქართველოში 25 ათასზე მეტი "პოტენციური ებრაელი" იყო, რაც დაადასტურა კიდეც 90-იანი წლების მიჯნაზე მომხდარმა მომდევნო ალიამ. დ. ა. ძირითადად განაპირობა რელიგიურმა ფაქტორმა, ზოგ შემთხვევაში – ოჯახის გავლენიანი წევრების ან მეზობლების ზეგავლენამ. თემის წევრთა რაოდენობა საქართველოში სწრაფად კლებულობდა. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირი იმდენად დახურული სახელმწიფო იყო, რომ ბევრი ჩქარობდა ესარგებლა მიგრაციის შესაძლებლობით, რადგანაც გამორიცხული არ იყო დ. ა-ის მოულოდნელი შეწყვეტა. ამ შემთხვევით ისარგებლეს ებრაული ოჯახების არაებრაელმა წევრებმაც, რ-ებმაც სასწრაფოდ გააფორმეს (ზოგიერთ შემთხვევაში ფიქტიური) ქორწინება ებრაული წარმომავლობის პირთან. იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეობას იღებდნენ სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსული ებრაელებიც, რადგანაც მათ იქიდან მიგრაციის უფლება არ ჰქონდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი მოქალაქეს გაუჭირდებოდა მათთვის უჩვეულო ცხოვრების წესთან შეგუება, საბჭოთა მთავრობა მას უკან დაბრუნების უფლებას არ აძლევდა. ეს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ბევრ მიგრანტს, რის გამოც დიდი ქალაქებიდან განათლებული და ეკონომიკურად წარმატებული ქართველი ებრაელების უდიდესი ნაწილი 60–70-იანი წლების მიჯნაზე ისრაელში არ წავიდა. ისრაელში ჩასული ქართველი ებრაელებისათვის ძნელი აღმოჩნდა ახ. პირობებთან ადაპტაცია. ახალი ოლიმები (იმიგრანტები, მრ.რ. – ოლე) ძირითადად საქართველოს დაბა-სოფლების ყოფილი მცხოვრებნი იყვნენ, რ-ებიც მხოლოდ ქართულად მეტყველებდნენ (მათი მცირე ნაწილი თუ ფლობდა სხვა ენას, ძირითადად რუსულს). ოლიმების პირველი თაობისათვის ებრ. ენის შესწავლა და "კაპიტალისტური ცხოვრების წესთან" შეგუება ადვილი არ იყო, თუმცა ათიოდე წელიწადში მათი აბსორბცია ისრაელის საზბასთან ძირითადად დასრულდა. დ. ა-ის უშუალო მონაწილეთა და მათი შთამომავლების წვლილი ისრაელის სახელმწიფოს განვითარებაში თვალსაჩინოა.

ლიტ .: გ ა ჩ ე ჩ ი ლ ა ძ ე რ., ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, თბ., 2008. რ. გაჩეჩილაძე.