დიდი არტაანის სანჯაყი (ლივა)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩილდირის (ახალციხის) ეიალეთის ერთ-ერთი სანჯაყი, ადმ. ცენტრი – ფარავნის ციხის რაბათი. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" (1595) მიხედვით დ. ა. ს-ის ფართ. 1958 კმ 2 უდრიდა. ცხოვრობდა 3507 კომლი. სანჯაყში ყოფილა სამი ნაჰიე (მზვარე, ჩრდილი და ტყიანი), 209 სოფელი და დასახლ. პუნქტი. აქედან 38 სოფელი დაცარიელებულა – მოსახლეობა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში გადასახლებულა. მოჰყავდათ მარცვლეული: ხორბალი, ქერი, ფეტვი, რ-თა საშ. წლ. მოსავალი 11392 შეადგენდა, ერთ კომლზე საშუალოდ – 32 . აღნუსხულია 224 წისქვილი, აქედან 28 დანგრეული იყო, 14 მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში, დანარჩენი – სეზონურად. შესანიშნავი იალაღები და საძოვრები მეცხოველეობისათვის, განსაკუთრებით მეცხვარეობისათვის, ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ჰყავდათ 60 ათ-ზე მეტი ცხვარი და 14 ათ. ღორი. თითქმის ყველა სოფელში მეფუტკრეობას მისდევდნენ. რეგისტრირებულია 8705 სკა (საშუალოდ ერთ კომლზე – 2,4 სკა), განვითარებული იყო აგრეთვე მებაღეობა-მებოსტნეობა. დიდ სანჯაყში ოსმალებმა დანერგეს თიმარული მიწათმფლობელობა და თავიანთი საგადასახადო სისტემა. ამავე დროს 53 სოფელი არ იყო აღწერილი და დავთარში გატარებული. მათზე არ ვრცელდებოდა ოსმ. საგადასახადო სისტემა და მათი წესები. ქართვ. ფეოდალთა ნაწილი გამაჰმადიანდა, ოსმალთა სამსახურში ჩადგა და თიმარული სისტემის საფუძველზე შეინარჩუნა მიწები. აღსანიშნავია, რომ დავთარში მოხსენიებული იყვნენ ქრისტიანები, რებიც ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს და ომის დროს ლაშქრობაში მონაწილეობა ევალებოდათ. XVII ს. პირველი ნახ. ოსმ. წყაროების (აინი ალი, კოჩიბეი გორიჯელი, ალი ჩაუში სოფიიდან) მიხედვით, დ. ა. ს-ში იყო 9 ზეამეთი და 86 თიმარი, სანჯაყბეგის ხასი კი 300 ათ. ახჩას შეადგენდა. „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთრის" (1694–1732) მონაცემებით, სანჯაყში იყო 10 ზეამეთი, რ-თა წლ. შემოსავალი შეადგენდა 252127 ახჩას, 95 თიმარისა – 652313 ახჩას, სანჯაყბეგის ხასისა – 240 ათ. ახჩას, ხოლო მთლიანად სანჯაყისა – 1144440 ახჩას. 1829, როდესაც რუს.-ოსმ. ომის შედეგად ახალციხის ეიალეთის სანჯაყების ნაწილი რუსეთს შეუერთდა, დ. ა. ს. გაუქმდა. იგი ოსმ. შემადგენლობაში დარჩა არტაანის სანჯაყის სახელწოდებით. წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 1–3, თბ., 1941–58; ჩილდირის ეიალე- თის ჯაბა დავთარი. 1694–1732 წწ., ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.

ლიტ .: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე გ., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" როგორც დემოგრაფიულსტატისტიკური ძეგლი, «თსუ შრომები», 1948, ტ. 34; ს ვ ა ნ ი ძ ე მ., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობა XVI ს-ში, თბ., 1984; მ ი ს ი ვ ე, ფეოდალური მიწათმფლობელობის ზოგიერთი საკითხი სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა ბატონობის დროს, კრ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, თბ., 1991. მ. სვანიძე.