დიდი ატენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ატენი. ღვთისმშობლის ეკლესია. VII–IX სს.

სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ტანის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 730 , გორიდან 10 კმ. 181 მცხ. (2002). სოფელში დგას ღვთისმშობლის პატარა გუმბათოვანი ეკლესია. იგი გეგმით "თავისუფალი ჯვრის" ტიპს მიეკუთვნება. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. გუმბათის ყელი მოპირკეთებულია მომწვანო ფერის ტუფის კვადრებით. მოქცეულია ერისთავთა სასახლის ეზოში. გადახურულია ქვის ლორფინებით. შესასვლელი სამხრ-იდან და დას-იდან აქვს. დას. შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა, რ-იც ზის წნულით გამოყვანილ ჩარჩოში. წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი რატი ერისთავი, ძე ლიპარიტ ერისთავისა. ლ. რჩეულიშვილის აზრით, ეკლესია აგებულია VII ს. II ნახევრიდან IX ს. დამლევამდე. აღდგენილი და გადაკეთებული ყოფილა X ს. II ნახევარში ლიპარიტის ძის რატის მიერ, რ-საც შენობა შეუმკია ახ. ყაიდაზე და ლაპიდარულ წარწერაში თავისი თავი „ღვთისსახლის" აღმშენებელ ქტიტორად გამოუცხადებია. ამავე დროსაა მოპირკეთებული გუმბათის ყელი. ტაძარი მცირე მოცულობისა იყო, იგი ვერ იტევდა მლოცველებს და 1870 მას დას-ით მიუშენეს მოგრძო დარბაზული ტიპის ეკლესია (ამჟამად აღარ არსებობს). დ. ა-ის ძვ. უბანში დგას წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. დას. ფასადის წყობაში ჩასმულ ქვაზე არსებული საკმაოდ დაზიანებული წარწერიდან ირკვევა, რომ იგი 1060–72 წლებში აუგია ბაგრატ IV-ს . სოფლის დას. ნაწილში, სასაფლაოზე, აღმართულია კვირაცხოვლის ერთნავიანი ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები), რ-ის აღმ. ფრონტონზე დაშენებულია სამრეკლო. სოფლის გარეთ, მთის ტყიან ფერდობზე, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესიაა (განვითარებული შუა საუკუნეები). დ. ა-ის ჩრდ.-დას-ით, მაღალ მთაზე, არის წმ. ბარბარეს დარბაზული ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები). სოფლის სამხრით, მდ. ტანის მარცხ. ნაპირზე, კლდეზე აღმართულია XVI–XVII სს. კოშკი, სოფლის მახლობლად კი – ატენის სიონის ტაძარი და ატენის ციხე. ატენის სიონის ტაძრის ჩრდ.-დას-ით, კლდის ქიმზე დგას ოქროიანთ საყდარი, რ-იც შედგება ორი ერთმანეთზე მიდგმული ეკლესიისგან. მიეკუთვნება გვიანდ. ფეოდ. ხანას.

ლიტ .: რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია, «ქართული ხელოვნება», 1942, ტ.1; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. ჯ. გვასალია. შ. საღარაძე.