დიდი გუთანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი გუთანი. 1 – რ ვ ი ლ ი, მოხრილი გრძელი (დაახლოებით 3,2 მ – 3,4 მ სიგრძის) ძელი, რომელზედაც მიმაგრებულია საკვეთელი, სახნისი, ფრთა და სხვა ნაწილები; 2 – ს ა კ ვ ე თ ე ლ ი, რვილში გაყრილი რკინისაგან ან ფოლადისაგან დამზადებული მიწის ვერტიკალური საჭრელი სახნისის წინ (ჭრის შემხვედრ ფესვებს და გზიდან ყრის ქვებს); 3 – ს ა ხ ნ ი ს ი, გუთნის ნაწილი, რომელიც ბელტს ჭრის და იღებს; 4 – ფ რ თ ა, ბელტის გადასაბრუნებელი ხის ან რკინის ფიცარი; 5 – კ ა კ ა ბ ა, ხის სადგარი, რომელზედაც დამაგრებულია ფრთა; 6 – ხ მ ა ლ ა, რვილისა და დ ე დ ნ ი ს (ქ უ ს ლ ი ს) შემაერთებელი შვეული ნაწილი (დედანი გუთნის ნაწილია, რომელზედაც დაყრდნობილია ფრთა და წამოცმულია სახნისი); 7 – ხ ე ლ კ უ დ ი (იგივე – ე რ ქ ვ ა ნ ი, მ ა ნ ჭ ო), გუთნის სახელური; 8 – კ ო რ ა, ხის კოჭი, რითაც მიმაგრებულია ფრთა რვილთან; 9, 10 – კ ვ ა ლ ი ს გ ო გ ო რ ა (9) და ვ ე ლ ი ს გ ო გ ო რ ა (10) ფამფალაკში (ღერძში) გაყრილი დიდი და მცირე ბორბლები (ა რ ო ნ ა ს სახელწოდებით ევროპაში ცნობილ სახვნელ იარაღს ორი ტოლი თვალი ჰქონდა. საქართველოში მას დიდხანს არ იყენებდნენ, რადგან გუთანი იმ მხრისკენ იყო დახრილი, საითკენაც იარაღს კვალი გაჰქონდა, ამის გამო სახნისისა და წინალის დონე განსხვავებული იყო. XII საუკუნეში შემოღებულ დიდ ქართულ გუთანს უკვე განსხვავებული დიამეტრის მქონე ორი თვალი ჰქონდა); 11 – ჭ ი ნ ჭ ი ლ ა კ ი, ღერძის ჭილიბი (რკინის ან ხის ჩხირი), რომელიც ღერძის ბოლოშია ჩარჭობილი, რათა ღირღიტა (ბორბალი) გარეთ არ გამოვარდეს; 12 – შ ო ლ ტ ა, ფამფალაკში გაყრილი ხე, რომლის ერთი (ყბიანი) მხარე უღელშია (რვილის მეორე მხარე ამ ფამფალაკზე ძევს); 13 – ს ა ხ ე ლ უ რ ი; 14 – წ ნ ე ლ ი; 15 – ხ მ ა ლ ა ს ჭ ა ნ ჭ ი კ ი; 16 – რ ჩ ხ ა (კავებიანი ჯოხი); 17 – ბ ა ყ ა ყ ი.

მიწის სახვნელი იარაღი. იგი რამდენიმე სახელით არის ცნობილი: დიდი ქართ. გუთანი, პაპას გუთანი, ქართ. გუთანი, შავი გუთანი, ხის გუთანი. ყველა ეს სახეობა მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან ან კონსტრუქციით, ან მასალით, მუშაობის პრინციპი კი ყველა მათგანისათვის ერთია (იხ. ნახ.). ქართ. დ. გ-ს, ისევე როგორც საერთოდ ქართ. სახვნელ იარა- ღებს, ჰქონდა მრუდე რვილი (მხარი). გუთნის ტიპის შუა საუკ. ევროპული სახვნელი იარაღები კი ხასიათდებოდა პირდაპირი რვილით. რვილის სიმრუდე ერთხელ კიდევ ადასტურებს ქართ. გუთნის თვითმყოფად ხასიათს. ფრთა და სხვადასხვა ზომის გოგორებიანი (ველის გოგორა და კვალის გოგორა) ფამფალაკი არის დ. გ-ის ის ნაწილები, რ-ებიც მარტივ სახვნელ იარაღებს არ გააჩნიათ. საქართველოში დადასტურებულია ორი ტიპის ფამფალაკი – ტოლგოგორებიანი და არათანატოლგოგორებიანი. ეს უკანასკნელი დამახასიათებელი იყო ღრმად მხვნელი დ. გ-ისთვის. ფამფალაკის განვითარებული სახეობის წინამორბედად მიჩნეულია მესხური ჯილ- ღის ტოლგოგორებიანი ფამფალაკი. საგულისხმოა, რომ დასავლეთევროპული გუთნები გვიანობამდე სწორი რვილითა და თანატოლი გოგორებით ხასიათდებოდა. დ. გ-ის არსებობა დასტურდება XI–XII სს-ში. იგი ღრმად ხნავდა (35 სმ სიღრმეზე), ბელტს (50–60 სმ ) ჭრიდა, აბრუნებდა და შლიდა. სწორედ ეს იყო მისი უპირატესობა სხვა სახის სახვნელ იარა- ღებთან შედარებით. XIX ს-ის II ნახევრიდან აღმ. საქართვ. ზოგიერთ რაიონში ჩნდება ქართ. გუთნის გაუმჯობესებული სახეობები. ასეთებია ე. წ. მუხრანული და კაკაბური გუთნები. დ. გ. დაკავშირებული იყო მიწათმოქმედების საანეულო სისტემასთან (იხ. ანეული). დ. გ. კარგად ეგუებოდა ვაკის ნიადაგს, რელიეფსა და მეურნეობის სპეციფიკურ პირობებს. იგი საყოველთაოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთის ბარში, ნაწილობრივ – ქართლის მთისწინა ზოლში, იშვიათად – ზემო იმერეთის ვაკე ადგილებში. მესხეთში დ. გ. მხოლოდ ყამირის მოსახნავად გამოიყენებოდა. საქართვ. სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხის გუთნები განსხვავებული ზომის იყო. მაგალითად, გარე კახეთსა და ივრის ხეობაში უფრო დიდი გუთნები გამოიყენებოდა, ვიდრე ქართლში, შიდა კახეთსა და ქიზიყში. ქართლის მთის წინა ზოლში კი უფრო პატარა ზომის გუთნებით სარგებლობდნენ. გამართული ხის გუთანი საკმაოდ ძვირადღირებული სახვნელი იარაღი იყო. ალბათ, ამიტომ საბუთებში გლეხის ოჯახის სას.- სამ. ინვენტარის ჩამონათვალში უმეტესად მოხსენიებულია გუთნის მხოლოდ ნაწილები და არა გამარ- თული გუთანი. ქართლ-კახეთის სოფლებში გამართული გუთანი, საშუალოდ, კომლების 10–12% ჰქონდა. შედარებით იაფი ჯდებოდა გუთნის ხის ნაწილი, რ-საც ხშირად გლეხები თვითონ თლიდნენ მაგარი ჯიშის ხისგან (მუხა, იფანი, თელა და სხვ.). დიდ სოფლებში იყვნენ ამ საქმის ოსტატებიც. ისინი რამდენიმე სოფელს ემსახურებოდნენ, მიწას კი აღარ ამუშავებდნენ, რადგანაც ძირითადად ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული. შედარებით ძვირი ჯდებოდა გუთნის რკინის ნაწილები: სახნისისათვის საშუალოდ ერთი ფუთი რკინა იყო საჭირო, საკვეთლისათვის კი – ნახევარი. გუთნის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა ჯამბარა – ტყავისაგან დაწნული ღვედი, რ-ითაც გუთანი მიბმული იყო უღელზე. XIX ს. II ნახევარში ქართლ-კახეთის ზოგიერთ კუთხეში ჯამბარა რკინის ჯაჭვმა შეცვალა. გამწევი ძალის გუთანში შესაბმელად გამოიყენებოდა უღელი ტაბიკებითა და აპეურებით. გუთნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ღვედი, რ-იც რამდენიმე (3–4) უღელს აკავშირებდა ერთმანეთთან. ღვედს სჭირდებოდა 2 კამეჩის ან 3 ხარის ტყავი. ღვედები ძირითადად ქართლისათვის იყო დამახასიათებელი და, სავარაუდოდ, 25–30 წელი ძლებდა. კახეთში ზოგჯერ ღვედების ნაცვლად საყევარ-უღლებს (საყევარი– ძელი, რ-იც 2 უღელს აერთებდა) და ჯაჭვებს იყენებდნენ. მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით შეეძლო საგლეხო კომლთა უმნიშვნელო ნაწილს. ამას უმთავრესად დიდი, გაუყრელი ოჯახები ახერხებდნენ. პატარა ოჯახები, როგორც წესი, ხვნის დროს ერთიანდებოდნენ დ. გ-ის გარშემო (იხ. მოდგამი ). დ. გ-ში აბამდნენ 6–12 უღელ გამწევ ძალას. გამართული გუთანი და მუშა საქონელი შეადგენდა გუთნეულს. დ. გ-ის მუშაობას სჭირდებოდა გუთნისდედა და 3–6 მეხრე. ხვნასთან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ რიტუალს. ქართლ-კახეთის ბარში ანეულის წინ იმართებოდა "სასოფლო საღმრთო", "გუთნის საღმრთო". ქართლის ზოგიერთ სოფელში ამას ამაღლებას უკავშირებდნენ. კახეთის იმ სოფლებში, სადაც სათემო მიწათმფლობელობა იყო შემორჩენილი, სას. საღმრთო განსაკუთრებული ორგანიზებულობით ხასიათდებოდა. ხვნის დაწყების პირველ დღეს გარკვეული წესები სრულდებოდა – პირველად "გაიტანდნენ გუთანს" მინდორში, ხვნის დაწყებამდე წინა ხარს გუთნისდედა კვერცხს დაკრავდა თავში და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდა: "ასე გასკდეს იმისი თვალი, ვინც შენ ავი თვალით შემოგხედოსო". ეს წესი აღმ. საქართვ. ბარში ყველგან დასტურდება. ქართლის ზოგიერთ სოფელში, ხვნის პირველ დღეს, წინა უღლის შუაში პატარა ბაირაღი კეთდებოდა, აუცილებლად წითელი. ზოგჯერ ამ დღეს წინა ხარებს ზარებს აბამდნენ, რქაზე "ფუნჯებისაგან" (ბალახია ერთგვარი) დაწნულ გვირგვინს ჩამოაცვამდნენ. ყველა გუთნეული ცდილობდა, სხვაზე უკეთესად გამოსულიყო. ამ შეჯიბრს "განგაშს" ეძახდნენ. ხვნა რომ დამთავრდებოდა, წინა უღელს ბაირაღს გაუკეთებდნენ და სოფელში ისე ბრუნდებოდნენ.

ლიტ .: ჩ ი ტ ა ი ა გ., ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, «მიმომხილველი», 1949, ტ. 1; ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960; Ч и т а я Г. С., Земледельческие системы и пахотные орудия Грузии, კრ.: Вопросы этнографии Кавказа, Тб., 1952. თ. გელაძე.