დიდი მიტარბი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის ტერიტორიულ ორგანოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. მიტარბულის (გუჯარეთისწყლის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1480 , ბორჯომიდან 36 კმ. 48 მცხ. (2002). სოფლის განაპირას, მდინარის პირზე, დგას X ს. წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია, რ-ის კედლები შიგნით და გარეთ შემოსილია სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი რუხმოღვინისფრო ქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით. სამხრეთის შესასვლელის თავზე დიდი გლუვი არქიტრავის ქვა დევს. მეორე, უფრო პატარა ზომის შესასვლელი ჩრდ-იდან აქვს. როგორც ჩანს, ამ მხარეს მინაშენი იყო. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პილასტრებითა და თაღებით. საკურთხევლის ნახევარწრიული ღრმა აფსიდი ორი საფეხურით არის შემაღლებული იატაკის დონიდან. ფასადები სადაა, მორთულობის გარეშე, თუმცა მაღალოსტატურად და გეომ. სიზუსტით გამოყვანილი არქიტ. დეტალები თავისთავად მხატვრულობას სძენს ძეგლს. სოფლის ქვემო უბანში, მოქმედ სასაფლაოზე ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებია. შემორჩენილ საფლავის ქვათაგან გამოირჩევა ყოჩის ქანდაკება, რ-საც ზურგზე ეკლესია ადგას. სოფლის სამხრ.- აღმ-ით, ტაბაწყურისკენ მიმავალი გზის პირას, კიდევ ერთი ნაეკლესიარის – „მაცხოვრის" – ბუდეა. ეს ნაეკლესიარები დ. მ-ის უბნებად დაყოფაზე მიუთითებს.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., გ ი ო რ გ ი ძ ე მ., ჩ ა ჩ ხ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ც., ჭ ა ნ ი შ ვ ი ლ ი გ., გუჯარეთი, თბ., 1987. შ. საღარაძე.