დიდი ოყარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ოყარი.

დ ი დ ი თ ე თ რ ი ყ ა ნ ჩ ა (Egretta alba), ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა. გავრცელებულია სამხრ.-აღმ. ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სამხრ. აფრიკაში, მადაგასკარზე, ჩრდ. ამერიკის სამხრ. ნაწილში, სამხრ. ამერიკაში. საქართველოში მეტად იშვიათია, გვხვდება ცალკეული წყვილების სახით მესხეთ-ჯავახეთში, სამეგრელოში, როგორც მობუდარი გადამფრენი ფორმა. ადის ზ. დ. 1800 - მდე. ბატზე ოდნავ დიდია. აქვს თეთრი ბუმბული, თვალების ირგვლივ – ყვითელი რგოლი, შავი ფეხები, შავი ნისკარტი ყვითელი ფუძით. ბინადრობს მთის ტბებზე, რ-ებიც ლელქაშითა და ლერწმითაა გარშემორტყმული, დაჭაობებულ ადგილებში. იკვებება თევზებით, წყლის მწერებით, იშვიათად ბაყაყებით, მღრღნელებით. ბუდეს იკეთებს მიწაზე – ნაყარ ლერწამზე, იშვიათად – ხეზე (ტირიფზე). ბუდეს შებრუნებული კონუსის ფორმა აქვს. დებს 3–4 (იშვიათად 5) მომწვანო-ცისფერ კვერცხს. მორიგეობით კრუხობს ორივე მშობელი. XIX ს-ში და XX ს. დასაწყისში დიდი მოთხოვნილება იყო მის ლამაზ თეთრ ბუმბულზე (ეგრეტკებზე), რის გამოც დიდი რაოდენობით ფრინველი ნადგურდებოდა. ამჟამად დ. ო. დაცულია, შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში". ცნობილია დ. ო-ის რამდენიმე ქვესახეობა, რ-თაგან საქართველოში გვხვდება ჩ რ დ ი ლ ო უ რ ი დ ი დ ი თ ე თ რ ი ყ ა ნ ჩ ა (E. alba). რ.ჟორდანია.