დიდი სმადა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის ჩორჩანის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1200 , ადიგენიდან 5 კმ , ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 25 კმ. 379 მცხ. (2002). „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" (1595) მიხედვით, სოფ. დ. ს. შედიოდა ახალციხის ლივაში ალთუნყალას (ოქროს ციხე) რ-ნში. აქ მაშინ 14 კომლი ცხოვრობდა: სიმონ ბადრიასძე, ვარძელ, ძმა მისი, გიორგი ფოცხვერისძე, ქრისტესა, ძე მისი; გოგიჩა კვირიკასძე, ვარძელ, ძმა მისი, გრიგოლ მახარაძე, ბასილა ვარძელისძე, შვილიშვილი ენუქა დავითგულისძე, მახარას შვილიშვილი, იორდანე ჯანიასძე, ივანეს შვილიშვილი, ელია, ძე მისი. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი; ჰყავდათ ცხვრები, ღორები, ფუტკარი; ჰქონდათ ბოსტნები და წისქვილი (ერთი თვალი). ყოველივე ამისთვის იხდიდნენ 16000 ახჩას წლიურად. 1704–05 სოფ. სმადა ისევ ალთუნყალას რ-ნში შედიოდა და წარმოადგენდა ზეამეთს ვინმე ალის სახელზე. მაშინ ამ სოფლის გადასახადი უკვე 21000 ახჩა ყოფილა. 1944- მდე დ. ს-ში გამაჰმადიანებულ ქართველებს უცხოვრიათ. შემორჩენილია მათი მეჩეთი. მაჰმადიანი ქართველების შუა აზიაში გასახლების შემდეგ აქ დაასახლეს საჩხერის რ-ნის მკვიდრნი (100-მდე კომლი). სოფლის ჩრდ-ით, მუხნარის მთაზე დგას დარბაზული ეკლესია (ფართ. 4 × 8 ), შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. ნაგებია თლილი ქვების რეგულ. წყობით. სწორკუთხა საკურთხეველში ორი ნიშაა, რ-თა სიმაღლე სარკმლის თავამდე აღწევს.

წყარო : გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694–1732 წწ., ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979. დ . ბერძენიშვილი.