დიდი წერეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი გორის მუნიციპალიტეტის მღებრიანის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. თხინალის (ტანის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1540 , გორიდან 48 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. შუა სოფელში XIV–XV სს. ღვთისმშობლის ერთნავიანი დაზიანებული ეკლესიაა. კედლები გარედან ნაგებია თლილი, ხოლო შიგნით – ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები შირიმის ქვისაა. გადამხურავი კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ჩანს მოხატულობის კვალი. სოფლის მახლობლად, ნასოფლარის ტერიტორიაზე ნატეხი ქვით ნაგები, ამავე ხანის 2 კოშკისა და ეკლესიის ნანგრევებია. ერთი ცილინდრული კოშკი 5-სართულიანი ყოფილა, მეორე (პირამიდული, გეგმით კვადრატული) სამსართულიანი. პ. ზაქარაია.