დიდოეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდოელებით დასახლებული ისტორიული მხარე დაღესტანში, მდ. ანდის ყოისუს ზემო დინებაზე, ხევსურეთის, თუშეთისა და შტორის ხევის აღმ-ით. ლეონტი მროველი (XI ს.) დ-ს იხსენიებს ძვ. წ. II ს. მოვლენებთან დაკავშირებით. დიდოელებს იხსენიებენ პლინიუსი (I ს.), პტოლემაიოსი (II ს.) და სომეხი ანონიმი გეოგრაფი (VII ს.) როგორც კავკასიაში მცხოვრებ ერთერთ ტომს. დ. ხუნძახსა და შაკიხ- თან ერთად შეადგენდა ჰერეთის მთიანეთს. ქართლის სამეფოსთან დ-ის პოლიტ. და კულტ. ურთიერთობა რეალური ჩანს V ს-იდან. იგი გაღმამხრითურთ ნეკრესის საეპისკოპოსოში შედიოდა. კვირიკე III-მ (1010–37) დ. ადმინისტრაციულად შტორის საერისთავოში მოაქცია. XII–XIII სს-ში დ. საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა ყოფილა. თამარის მეფობის დროს ფხოვთან ერთად აჯანყდა ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ. აჯანყება ჩააქრო ივანე ათაბაგმა. ერთიანი საქართვ. სამეფოს დაშლის (XV ს. II ნახ.) შემდეგ დ. კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მეფე გიორგი VIII-მ (1446–76) დ-ში სამოურავო დააწესა. XVII ს-ში დ. განუდგა კახეთის სამეფოს. 1639, როდესაც ურთიერთობის გზას ეძებდა რუსე- თისაკენ, მეფე თეიმურაზ I შევიდა დ-ში, შემუსრა მათი კოშკები და დაიმორჩილა დიდოელები. XVIII ს. I მეოთხედში ეკონ. დაინტერესების გამო დ-ის ნახევარი პოლიტიკურად კვლავ კახეთის სამეფოს ემორჩილებოდა. XVIII ს. II ნახევრიდან დ. საქართველოს გამოეყო.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., თ ო დ რ ი ა თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1971, [ტ.] 4; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002. ჯ. გვასალია.