დიდოური ენები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იბერიულკავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ენების ხუნძურ-ანდიურდიდოური ქვეჯგუფის ენები. ცნობები დიდოელებისა და დიდოეთის შესახებ მოიპოვება „ქართლის ცხოვრებაში". დ. ე-ზე მოლაპარაკენი (12000 კაცზე მეტი) ცხოვრობენ სამხრ.-დას. დაღესტანში და მდ. სულაკის ხეობის მიმდებარე რაიონებში. დ. ე-ია დიდოური (ანუ ცეზური), ჰინუხური, ხვარშიული, კაპუჭური (ანუ ბეჟიტური) და ჰუნზიბური. ზოგ მკვლევარს ჰინუხური ენა დიდოურის დიალექტად მიაჩნია; ხოლო კაპუჭურ-ჰუნზიბური – ერთ ენად (ე. ლომთაძე). დ. ე-ის ხმოვანთა სისტემისათვის საერთოა მარტივი (ა, ე, ი, ო, უ) ხმოვნები. რთულ ხმოვანთაგან ყველგანაა სათანადო გრძელი სახეობანი; ზოგ ენაში დასტურდება ვიწრო, ლაბიალიზებული, უმლაუტიანი და ნაზალიზებული ხმოვნები. თანხმოვანთა სისტემაში თავისებურებას ქმნიან ნუნისმიერი ლატერალები (ლ, ლ‘, ტ) და ფარინგალიზებული თანხმოვნები (ღ‘, ხ‘, პ‘, ყ‘). ხუნძურ-ანდიური ენებისაგან განსხვავებით, აქ დაკარგულია კორელაცია „ინტენსიური-არაინტენსიური". სახელთა მორფოლოგიაში აღსანიშნავია ძირითად ბრუნვებში ინსტრუმენტალისი; გვაქვს ერთდა რამდენიმეთანდებულიანი ბრუნვა, ერთ- და ორფუძიანი ბრუნება. გრამატ. კლასთა სისტემა ოთხწევრაა; მხ. და მრ. რიცხვების ფორმათა შეხამება ქმნის ექვსწევრა სისტემასაც (ჰუნზიბურში). ზმნური კატეგორიები ძირითადად ერთი და იგივეა: საერთო ინფინიტივი და დრო-კილოთა ერთი წყება, ზმნის კლასოვანი უღვლილება; ზმნაში შეიმჩნევა გვარის ჩანასახი [მაგ., დიდოურში – ჭარა-კა (გარდამავალი), ჭარა-ლ-ა (გარდაუვალი) – „გამოღვიძება"]. დ. ე-ში წინადადება შეიძლება იყოს ნომინატიური, ერგატიული, დატიური, ლოკატიური ან პოსესიური კონსტრუქციისა. არა აქვს რთული ქვეწყობილი წინადადება, მის მაგივრობას ზმნის საგარემოებო ფორმები ეწევა. დ. ე-ში ისტორიულად მახვილი მოძრავი და დინამიკური იყო, თანაც ინტენსიური. ამჟამად სიძლიერის მხრივ საკმაოდ დასუსტებულია, მოძრავი ხასიათი კი შენარჩუნებული აქვს. ლექსიკაში ბევრია ხუნძურიდან შეთვისებული სიტყვები. შეიმჩნევა ქართ. ენის გავლენაც. დ. ე. უმწერლობო ენებია. ამ ენებზე მოლაპარაკე ტომები სამწერლობო ენად ხუნძურს იყენებენ და ეროვნებითაც ხუნძებად აღირიცხებიან.

ლიტ .: ლ ო მ თ ა ძ ე ე., სიტყვათმახვილი დიდოურ ენებში, თბ., 1984; მ ი ს ი ვ ე, დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი, თბ., 1994; Б о к а р е в Е.А., Цезские языки, კრ.: Языки народов СССР, т. 4. Иберийско- кაвкაзცкие языки, М., 1967; Г у д а в а Т. Е., Историко-сравнительный анализ консонантизма дидойских языков, Тб., 1979; Д и р р А. М., Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1909, в. 40; И м н а и ш в и л и Д. С., Дидойский язык в сравнении с гинухским и хваршийским языками, Тб., 1963. გ . ბურჭულაძე.