დივანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სპარს. – სახელმწ. კრება, კანცელარია, დაწესებულება), 1. სახელმწიფო რეესტრი, სახელმწიფო შემოსავლის გასანაწილებლად შედგენილი ნუსხა და ამ ნუსხის შესანახი ადგილი პირველი ხალიფების დროს, დაწყებული ომარ I-ის მმართველობიდან (634–644). 2. დივან ალ-ხარაჯი – საგადასახადო- საფინანსო უწყება ომაიანებისა და აბასიანების დროს. 3. საბჭო ოსმ. სულთნის კარზე. 4. სახელმწ. საბჭო, უმაღლესი სათათბირო და აღმასრ. ორგანო მოლდავეთსა და ვლახეთში. 5. ადმ. და სასამართლო საქმეების სამთავრობო დაწესებულება მუსლ. აღმოსავლეთის ზოგიერთ თანამედროვე ქვეყანაში. ფეოდ. საქართველოში ტერმ. „დ." უმთავრესად სასამართლო დაწესებულების აღსანიშნავად გავრცელდა. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა „სამდივნო სახლიც". დ-გან წარმოდგა ცენტრ. ხელისუფლების მოსამართლის – მდივანბეგისა და მდივნის – სახელწოდება. ვახტანგ VIის დროს „სამდივნო სახლში" (სასამართლოში) ოთხშაბათობით და პარასკეობით სამართალს მეფე (უზენაესი მსაჯული) განაგებდა, ხოლო დანარჩენ დღეებში მდივანბეგი (უმაღლესი მსაჯული).

ლიტ .: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ივ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1 – ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952. დ. კაციტაძე.