დიზაინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ინგლ. design – ესკიზი, ნახაზი, პროექტი, კონსტრუქცია, გეგმა, ჩანაფიქრი; დაპროექტება, ხაზვა), ადამიანის საპროექტო საქმიანობა, რ-ის ძირითადი მიზანია საგნობრივ-სივრცული გარემოს ფუნქციურ-ესთეტ. ორგანიზება და ამ პროცესისადმი ახ ლებური მიდგომა. მკვლევართა ნაწილი დ-ის განვითარების ისტორიას ხალხური რეწვის, ხელოსნობის პროცესს უკავშირებს, როდესაც ნაკეთობა სრულად გამოხატავდა თავის ფუნქციას და დანიშნულებას; ხოლო თანამედროვე დ-ის ფენომენს, ადამიანის გარემომცველი საგნების რაოდენობა განსაზღვრავს. დ. სინთეზური, სრულიად ახ. ტიპის საქმიანობაა, რ-იც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: თეორია და მეთოდიკა, ორგანიზაცია და მართვა, ექსპერტიზა, სტანდარტიზაცია, ეტალონირება და თვით პროექტირება. დ. უკვე გასცდა ტექ. ესთეტიკისა და "მხატვრული კონსტრუირების" ფარგლებს და იგი წარმოუდგენელია სხვა მეცნ. დისციპლინებთან (ერგონომიკა, სოც. ფსიქოლოგია, ეთნოფსიქოლოგია, ინფორმატიკა და სხვ.) მჭიდრო კავშირის გარეშე. დ-ის მიზანია ადამიანისათვის ჰარმონიული, სრულყოფილი საგნობრივი გარემოს შექმნა. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი დ. როგორც დარგი აღმოცენდა XX ს. დასაწყისში. მის განვითარებას ხელი შეუწყო კუსტარულმა მრეწველობამ, სასაქონლო წარმოებამ, ვაჭრობამ, კულტურის მიღწევებმა. შეიქმნა კონკურენტული გარემო, დღის წესრიგში დადგა მხატვრულესთეტიკურად სრულყოფილი საყოფაცხოვრებო საგნების წარმოება. 1899 თბილისში დაფუძნდა "კავკასიის კუსტარული კომიტეტი“, ხოლო 1910 დაარსდა საზ-ბა "განათლების“ სამხატვრო სკოლა-სახელოსნო. ამ სკოლის კურსდამთავრებულთა მოღვაწეობამ, რ-იც ხალხ. ტრადიციებს ეფუძნებოდა, ერთგვარი ბიძგი მისცა სამრეწვ. დ-ის განვითარებას. 20-იანი წლებიდან კუსტარულმა ტექნიკუმმა (ყოფ. სამხატვრო სკოლა-სახელოსნო) და საქართვ. მიწათმოქმედების სახ. კომისარიატის კუსტარული მრეწვ. განყ-ბამ (ყოფ. "კავკ. კუსტარული კომიტეტი") აღზარდა მხატვრები, რ-თა ნაწილმა სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. 1927- 30 მოხდა სასწავლო სისტემის რეორგანიზაცია, რ-იც მიზნად ისახავდა ხელოვნებისა და მრეწველობის დაახლოებას. XX ს. 20- იანი წლების ქართ. დ-ის საკუთარი სახის ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის დ. კაკაბაძის შემოქმედებას. II მსოფლიო ომისწინა წლებში მზარდმა მრეწველობამ უხვად გამოუშვა საფაბრიკო პროდუქცია, მაგრამ მანქანა-დანადგარების დაბალი დონის გამო ის საკმაოდ უხარისხო იყო. პროდუქციის დაბალ მხატვრულ დონეს ამ დარგში მომუშავე მხატვრების სიმცირეც განაპირობებდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა მხატვართა და არქიტექტორთა ჯგუფები (თბილ. საბჭოს არქიტ.- საკონსტრუქტორო ჯგუფი და სხვ.). 1936 ხალხ. შემოქმედების რესპ. სახლთან დაარსდა ქართ. ხალხური ხელოვნების სასწ.- ექსპერ. სახელოსნო, რ-შიც შედიოდა ქსოვილის (შემდგომ – დაჩითვის), ხის და ლითონის მხატვრულად დამუშავების განყ-ბები. 1946-იდან სახელოსნომ განაახლა მუშაობა და იარსება 1951-მდე. 1944 საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ არქიტ. სამმართველოში შეიქმნა საცხოვრ. და სამოქალაქო ნაგებობათა ინტერიერის მოწყობისა და მოპირკეთების, აგრეთვე მრეწვ. მხატვრულ ნაკეთობათა დაპროექტების განყბა. 1946 საპროექტო ტრესტში ("საქსახპროექტი") გაიხსნა ამავე პროფილის ექსპერ. სახელოსნო. აქ მოღვაწე არქიტექტორთა, მხატვართა, ინჟინერ-ტექნოლოგთა, კონსტრუქტორთა საქმიანობა საყურადღებოა როგორც საორგანიზაციო, ისე მეთოდოლ. თვალსაზრისით (კომპლ. დაპროექტება, ნიმუშებისა და მათი კომპლექსების მოდელირება და შესრულება). ამ ორგანიზაციამ განსაზღვრა საქართველოში დ-ის შემდგომი განვითარება და აღმავლობა, მან საფუძველი ჩაუყარა 1962 თბილ. სპეც. სამხ ა ტ ვ რ ო - ს ა კ ო ნ ს ტ რ უ ქ ტ ო რ ო ბიუროს დაარსებას, რ-იც 1966 გადაკეთდა ტექ. ესთეტიკის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართვ. ფილიალად. აღნიშნული ფილიალი 1990-იდან საქართვ. დიზაინისა და ერგონომიკის დამოუკიდებელი ინ-ტია, რ-ის საპროექტო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: გრაფიკული დ. (ადრე-სამრეწველო გრაფიკა); სამრეწველო და საზ. დანიშნულების ნაგებობათა კომპლ. მოწყობა (საწარმოო ინტერიერის, საწარმოო გარემოს კეთილმოწყობა); ავეჯის, მანქანათმშენებლობისა და ხელსაწყოთმშენებლობის საგნების პროექტირება; ერგონომიული კვლევები. ინ-ტში XX ს. 70–80-იან წლებში მუშავდებოდა აგრეთვე საქართვ. ქალაქების დიზაინ-პროგრამები. 1980 ინ-ტმა უმასპინძლა დ-ის საერთაშ. ორგანიზაციის (ICSID ის) მიერ გამართულ საერთაშ. სემინარს "ინტერდიზაინი-80“. 1990-იდან ინტთან შეიქმნა სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელი – თბილისის დ.-კოლეჯი (შემდეგ – დიზაინის აკადემია). სასწავლებლის საგნობრივი პროგრამები და სასწ. გეგმა ითვალისწინებს მოწინავე ქვეყნების უახლეს გამოცდილებას ამ სფეროში; სასწ. პროცესი მიახლოებულია რეალურ საპროექტო საქმიანობასთან. საქართვ. სხვადასხვა რეგიონში შექმნილია დ-ის ბიუროები, რ-თა საქმიანობას კურირებს საქართვ. დ-ისა და ერგონომიკის ინ-ტთან არსებული სამეცნ.-მეთოდური ცენტრი. 60-იანი წწ. დასაწყისიდან თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი (დღეს დ-ის) ფაკ-ტი ამზადებს დ-ის სფეროს თითქმის ყველა პროფილის სპეციალისტებს. ფუნქციონირებს კათედრები: მხატვრული კერამიკისა და მინის; გობელენისა და მხატვრული ქსოვილების; ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების; გრაფიკული დ-ისა და ვიზუალური კომუნიკაციების; სამრეწველო დ-ის; ავეჯის დაპროექტების; ლითონის, ხის და სხვა მასალების მხატვრულ ნაკეთობათა კათედრა. საქართვ. ტექ. უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს დ-ის კათედრა კათედრა (ინტერიერი, მოწყობილობა). 1987 შეიქმნა დიზაინერთა შემოქმედებითი კავშირი (იხ. დიზაინერთა კავშირი ).

ლიტ .: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ე., ქართული ხალხური ტრადიციები დიზაინის სამსახურში, თბ., 1998; მ ი ს ი ვ ე, Дизайновое проектирование в Грузии, Тб., 1985. გ . ნადარეიშვილი.